ახალი ამბები

კემბრიჯის უნივერსიტეტმა ჯორდან პიტერსონს მოწვევა გაუუქმა

21 მარტი, 2019 • 2424
კემბრიჯის უნივერსიტეტმა ჯორდან პიტერსონს მოწვევა გაუუქმა

კემბრიჯის უნივერსიტეტმა ფსიქოლოგიის პროფესორს, მემარჯვენე ჯორდან პიტერსონს მოწვევა გაუუქმა.

გამოცემა “გარდიანის” (The Guardian) თანახმად, პიტერსონს, რომელიც პროფესიით კლინიკური ფსიქოლოგია, კემბრიჯში, ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე 2019 წლის ოქტომბრიდან უნდა ემუშავა ორი თვით, თუმცა, საბოლოოდ, სტუდენტებისა და ფაკულტეტის პროტესტის შემდეგ, მას მოწვევა გაუუქმეს.

უნივერსიტეტის თანახმად, პიტერსონმა თვითონ ითხოვა, მოწვეულ ლექტორად მისულიყო კემბრიჯში, თავიდან დათანხმდნენ მისთვის ეს შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა დამატებითი განხილვების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უარი ეთქვათ. პიტერსონი ამის საწინააღმდეგოდ წერს, რომ უნივერსიტეტში ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად აპირებდა მისვლას — იგი მიწვეული იყო.

“კემბრიჯი ინკლუზიური სივრცეა და ჩვენი თანამშრომლებისა თუ მოწვეული ლექტორებისგან ჩვენი პრინციპების დაცვას ველით. აქ არ არის ადგილი მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლია”, — განაცხადა უნივერსიტეტის სპიკერმა ორი დღისთავზე მას შემდეგ, რაც პიტერსონმა  კემბრიჯში სწავლება დააანონსა.

ამ განცხადებას კემბრიჯის სტუდენტებისა და პროფესორების პროტესტი უძღოდა წინ. საბოლოოდ, უარის თქმის შემდეგ, კემბრიჯის სტუდენტების კავშირმა შეაქო უნივერსიტეტის გადაწყვეტილება.

თავად პიტერსონმა, რომელიც ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე აპირებდა ლექციების წაკითხვას, ამ გადაწყვეტილებას “სერიოზული შეცდომა” უწოდა და დაწერა: “ღრმად მწამს, რომ მხარეებს [უნივერსიტეტს, ფაკულტეტსა და სტუდენტებს] ფეხებზე ჰკიდიათ ქრისტიანობის სავალალო მდგომარეობა და … რწმენას … მჩაგვრელი დასავლური პატრიარქალური კულტურის გამოვლინებად მიიჩნევენ”.

პიტერსონი, რომელიც საკუთარ თავს პოლიტკორექტულობის წინააღმდეგ მებრძოლად იხსენიებს, კანადელი პროფესორია, რომელიც ულტრამემარჯვენეების სიმპათიებით სარგებლობს. იგი ამ წრეებში პოპულარული 2016 წლიდან გახდა სხვადასხვა პოზიციის გამო, მათ შორის კანადის ფედერალურ შესწორებაში, “ადამიანის უფლებათა აქტში” დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ, რაც ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს შეეხებოდა. ასევე ცნობილია მისი ინტერვიუ არხ Channel 4-ის ჟურნალისტთან, ქეთი ნიუმანთან, სადაც ეწინააღმდეგა ფაქტს — რომ დასაქმების ადგილებზე ქალები თავიანთი გენდერული იდენტობის გამო ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ.

სხვადასხვა დროს პიტერსონს  მხარი აქვს დაჭერილი შეთქმულების თეორიებისთვის, აქვს გაკეთებული სექსისტური, ტრანსოფობიური და ა.შ, განცხადებები. მაგალითად, იგი ამბობს, რომ თეთრკანიანების პრივილეგიები “მარქსისტული ტყუილია”, ამბობს, თითქოს “რადიკალი ფემინისტები იმიტომ არ ლაპარაკობენ საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რადგან ბრუტალური მამაკაცური დომინირების არაცნობიერი სურვილი აქვთ” და ა.შ. თვითონ იგი თავს არ აიგივებს ულტრამემარჯვენეებთან.

პიტერსონის შესახებ წაიკითხეთ ვრცლად:

ჟიჟეკსა და ჯორდან პიტერსონს შორის დებატები, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება

“ბედნიერება: მარქსიზმი vs კაპიტალიზმი” — ჟიჟეკის და პიტერსონის დებატის თემა

მასალების გადაბეჭდვის წესი