მემარცხენე ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი და ფსიქოლოგი ჯორდან პიტერსონი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე საჯარო დებატში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
კრიტიკული თეორიის თეორეტიკოსის, ჰეგელიანელი-მარქსისტი ფილოსოფოსის სლავოი ჟიჟეკისა და ფსიქოლოგიის პროფესორის, მემარჯვენე ჯორდან პიტერსონის დაპირისპირება რამდენიმე თვეს ითვლის.
ისინი აქამდე კრიტიკული სტატიებისა და პოსტების გაცვლა-გამოცვლით შემოიფარგლებოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, 2019 წლის გაზაფხულზე მათ შორის მწვავე დებატებს ვიხილავთ.
13 იანვარს ჯორდან პიტერსონმა პირდაპირ ეთერში მაყურებლის შეკითხვაზე, ხომ არ აპირებს ჟიჟეკთან საჯარო დებატს, ასე უპასუხა:
“დიახ, ჩვენ გვაქვს წინასწარი შეთანხმება… ვმსჯელობდით აპრილში ტორონტოში შესაძლო საჯარო დებატებზე. ახლა მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”.
ვიდეოში პიტერსონი ამბობს, რომ ჟიჟეკის ექვსი წიგნი აქვს გადმოწერილი, რომელთა გაცნობასაც აპირებს, რადგან დებატში ჩართვამდე კარგად სურს გაიგოს, “რა აქვს მას სათქმელი, რას ფიქრობს”.
2018 წლის თებერვალში ჟიჟეკმა გამოცემა “ინდეფენდენთისთვის” დაწერა მოსაზრება, რომელშიც მწვავედ გააკრიტიკა ჯორდან პიტერსონი. ჟიჟეკის თანახმად, პიტერსონმა ულტრამემარჯვენე წრეებში ჩაანაცვლა მაილო იანოპოლუსი — კიდევ ერთი ულტრამემარჯვენე კომენტატორი, რომელიც, მისი აზრით, “თვითონ იყო იმ კულტურის ანარეკლი, რომელსაც თავს ესხმოდა”.
ბოლოს, 18 დეკემბერს, კემბრიჯში საჯარო გამოსვლისას, მან მწვავედ გააკრიტიკა პიტერსონი “თანამედროვე მემარჯვენეების მიერ დაგებულ სულელურ მახეში გაბმის”, — ტერმინ “კულტურული მარქსიზმის” გამოყენების — გამო.
ნეონაცისტურ ტერმინ “კულტურულ მარქსიზმს” მემარჯვენეები იყენებენ ე.წ ფრანკფურტის სკოლის თეორეტიკოსების სააზროვნო სისტემის აღსაწერად;
ფრანკფურტის სკოლა ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ბაზაზე 1930-იან წლებში შექმნილი სოციალური თეორიისა და კრიტიკული ფილოსოფიის სკოლაა — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სკოლა თანამედროვე აკადემიაში.
ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლები არიან ჰერბერტ მარკუზე, თეოდორ ადორნო, იურგენ ჰაბერმასი, მაქს ჰორკჰაიმერი, უოლტერ ბენიამინი, ზიგფრიდ კრაკაუერი და სხვები.
ტერმინ “კულტურულ მარქსიზმს” ხმარობენ შეთქმულების თეორიის გასავითარებლად, თითქოს ფრანკფურტის სკოლის მოაზროვნეები ცდილობდნენ “დასავლური კულტურის განადგურებას” და მისი “მარქსისტული კულტურით” ჩანაცვლებას.
ეს კონსპირაციული თეორია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, ამბობს, რომ ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლები, 1960-იანი წლების კონტრკულტურის მხარდაჭერით, სოციალურ თანასწორობასა და პროგრესულ პოლიტიკაზე, რასობრივ თანასწორობაზე და პოლიტიკურ კორექტულობაზე აპელირებით, “ტრადიციულ კონსერვატიულ ღირებულებით სისტემას ძირს უთხრიდნენ”.
პიტერსონი ულტრამემარჯვენეებში პოპულარული გახდა Channel 4-ის ჟურნალისტთან, ქეთი ნიუმანთან ინტერვიუს შემდეგ, სადაც შეეწინააღმდეგა ფაქტს — რომ დასაქმების ადგილებზე ქალები თავიანთი გენდერული იდენტობის გამო ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ.
სხვადასხვა დროს პიტერსონს მხარი აქვს დაჭერილი შეთქმულების თეორიებისთვის, აქვს გაკეთებული სექსისტური, ტრანსოფობიური და ა.შ, განცხადებები. მაგალითად, იგი ფიქრობს, რომ თეთრკანიანების პრივილეგიები “მარქსისტული ტყუილია”, ამბობს, თითქოს “რადიკალი ფემინისტები იმიტომ არ ლაპარაკობენ საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რადგან ბრუტალური მამაკაცური დომინირების არაცნობიერი სურვილი აქვთ”.
როგორც “გარდიანი” წერს, პიტერსონის არგუმენტები “ფსევდოფაქტებითაა” სავსე.
სლავოი ჟიჟეკი კი სლოვენიელი ფილოსოფოსია, რომელიც საჯარო სივრცეში მემარცხენე მოაზროვნედ მოიაზრება. მას უწოდებენ ხოლმე “კულტურის თეორიის ელვისს”.
სოციალურ ქსელებში პოპულარობის ფონზე, ისიც ხშირად არის კრიტიკის ობიექტი როგორც სექსისტური ხუმრობების/გამონათქვამების, ისე სხვადასხვა პოზიციის გამო, მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ. ალჯაზირას გადაცემა Upfront-ში, წამყვან მედი ჰასანთან ინტერვიუში გარკვეულწილად პოზიტიურად აფასებდა ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას და ამბობდა, რომ იგი “სისტემას შეარყევდა”.
სტატია განახლდა 15 იანვრის საღამოს — სტატიის პირველ ვერსიაში ეწერა, რომ თავდაპირველად ჟიჟეკი პიტერსონს პოლიტკორექტულობასთან დამოკიდებულების გამო აქებდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება — იგი თავიდანვე კრიტიკულად იყო მის მიმართ განწყობილი.