ნეტგაზეთი | თუ ბანკების პირობებზე დავთანხმდით, ქვეყანას სესხის უზრუნველყოფა უწევს – მინისტრი ანაკლიაზე თუ ბანკების პირობებზე დავთანხმდით, ქვეყანას სესხის უზრუნველყოფა უწევს – მინისტრი ანაკლიაზე – Netgazeti
RU | GE  

თუ ბანკების პირობებზე დავთანხმდით, ქვეყანას სესხის უზრუნველყოფა უწევს – მინისტრი ანაკლიაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს, 21 მარტს, პარლამენტში იმ მოთხოვნებზე ისაუბრა, რასაც საერთაშორისო ბანკები ანაკლიის პორტის დაფინანსების სანაცვლოდ ითხოვენ. მისი თქმით, საუბარია დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარის სესხზე.

ცქიტიშვილის თქმით, ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ტვირთბრუნვაზე პასუხისმგებლობის აღებაა. მინისტრი განმარტავს, რომ რადგან სესხის დაფარივისთვის საჭირო თანხა კონსორციუმმა პორტის ოპერირებიდან მიღებული შემოსავლით უნდა გადაიხადოს, 4 ბანკი ითხოვს, რომ ტვირთების რისკის დაზღვევა ბიუჯეტის ხარჯზე მოხდეს. მინისტრის შეფასებით, ამით ბანკები იმ რისკების დაზღვევას ითხოვენ, რომლებიც შესაძლოა პორტის ოპერატორი კომპანიის არასწორი მმართველობის გამო დადგეს.

“კონკურსის ეტაპზე სახელმწიფოს ჰქონდა განზრახვა, რომ პორტის აშენება სახელმწიფოს მიერ არ მომხდარიყო. ის სრულად უნდა აეშენებინა კომპანიას. მასვე უნდა მოეძიებინა დაფინანსებითვის საჭირო თანხა და პასუხიმგებლობა აეღო პორტის ოპერირების ყველა რისკზე. მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ, როდესაც ბანკებს ვუთხარით, რომ ტვირთბრუნვის რისკზე პასუხისმგებლობის აღება ჩვენთვის მისაღები არ იყო, ოდნავ სახეცვლილი წინადადება მივიღეთ, რომელიც გულისხმობს სარეზერვო ანგარიშის გახსნას, სადაც უნდა განთავსდეს სესხის მომსახურეობისთვის საჭირო თანხა. სახელმწიფოს ექნება უფლება შეავსოს ეს თანხა, ხოლო თუ სახელმწიფო ამ უფლებას არ გამოიყენებს, ბანკები მასთან ხელშეკრულებას შეწყვეტენ და სესხის მთელი ოდენობა სახელმწიფოს მიერ უნდა იქნას დაფარული,”-ამბობს ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, მესამე მოთხოვნა არის ანაკლიის პორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა. 2016 წლის ოქტომბერში გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად, ამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების ვალდებულება სახელმწიფომ აიღო. მინისტრის მტკიცებით, 4 ბანკი მოითხოვს, სახელმწიფომ ფულადი კონპენსაცია გადაიხადოს იმ შემთხვევაში, თუ ანაკლიამდე გზა და რკინიგზა დროულად არ იქნება მიყვანილი.

“ამას გარდა, ისინი ითხოვენ, მშენებლობა, განსახლების წესები და გარემოზე ზემოქმედების შესწავლა განხორციელდეს დონორების წესების შესაბამისად. მინდა გითხართ, რომ ეს ხელშეკრულებაში თავიდან გათვალისწინებული არ ყოფილა, რადგან ჩვენ მშენებლობას სახელმწიფოს დაფინანსებით ვაპირებდით. შესაბამისად, არ გვქონდა ვალდებულება, დონორების პროცედურები დაგვეცვა. ამ პროცედურებით შეუძლებელია ამ გზის აშენება იმ ვადებში, რაც ხელშეკრულებაში წერია,”-აცხადებს მინისტრი.

მაია ცქიტიშვილის თქმით, კიდევ ერთი მოთხოვნა პოლიტიკურ ფორსმაჟორს უკავშირდება. მისი მტკიცებით, ბანკები მოითხოვენ, რომ თუ პოლიტიკური ვითარების გამო პორტი გაჩერდა, სახელმწიფო ვალდებულია კონპენსაცია გადაუხადოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს.

“ამ ეტაპზე ხელშეკრულებაში გათვალისწინებული გვაქვს პირობა, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება წყდება მთავრობის მიერ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პორტი სახელმწიფოს საკუთრებაში ბრუნდება და იწყებს ინვესტორის ხელახლა მოძიებას. ამასთან, ის ვალდებულებები, რაც ინვესტორს ბანკების წინაშე აქვს აღებული, ისინი სხვა ინვესტორზე გადადის. ამ შემთხვევაში ბანკები ითხოვენ ნებისმიერი გაწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო აღმოჩნდეს გარანტი და მთელი სესხის ურუნველმყოფი. თუ სახელმწიფოს მიზეზით მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა, მაშინ 400 მლნ აშშ დოლარის ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, ხოლო თუ ინვესტორის გამო, მათ შორის დეფოლტის პირობებში, მაშინ სესხის ანაზღაურება 4 წლის მანძილზე უნდა მოხდეს. წარმოდგენილი ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ სახელმწიფოს უფლებები შეზღუდული იყოს, კონსორციუმის რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია, ხოლო ბანკები სახელმწიფოს მიერ იქნენ დაზღვეული. თუ ჩვენ ამ ცვლილებებზე დავთანხმდებით, სახელმწიფოს უწევს ინვესტორის კომერციული რისკების აღება. ეს არის სესხის პრაქტიკულად სრულად უზრუნველყოფა, რის გაკეთებასაც არ ვაპირებდით და რის გამოც გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა”,-აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე პირობების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, აპრილში გაიმართება შეხვედრა ბანკებთან და კონსორციუმთან. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხზე.

ოთხი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომლებთანაც მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს, არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), OPIC (კერძო საინვესტიციო კორპორაცია), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრსტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB).

ამავე თემაზე

რას ითხოვენ მთავრობისგან საერთაშორისო ბანკები ანაკლიის პორტის დაფინანსების სანაცვლოდ

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ივლისამდე.