ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორის მოადგილე ზურაბ ფიჩხაია ამბობს, რომ პორტის მშენებლობის სრულფასოვნად დაწყებისთვის საჭირო 400 მლნ აშშ დოლარის სესხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), OPIC (კერძო საინვესტიციო კორპორაციათან), აზიის განვითარების ბანკთან (ADB) და აზიის ინფრსტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB). მისი მტკიცებითვე, ოთხივე ფინანსური ინსტიტუტი მზად არის პორტის მშენებლობა დააფინანსოს, თუმცა პროექტის შესწავლის შედეგად გამოკვეთეს რამდენიმე პუნქტი, რომელიც სახელმწიფოს ჩართულობით უნდა გადაწყდეს.
“როგორც კი კონსენსუსი მიიღეწევა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის ამ საკითხებზე, ანაკლიის პორტის დაფინანსების საკითხიც გადაწყდება. პორტი არის PPP პროექტი, რაც სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობას ნიშნავს. ანაკლიის პორტი როცა აშენდება, 50 წლის შემდეგ მას სრულად სახელმწიფოს ჩავაბარებთ. როგორც ეს ბანკები ამბობენ და მათ მთელ მსოფლიოში ასეთი პროექტების დაფინანსების გამოცდილება აქვთ, ტვირთბრუნვის რისკს თავის თავზე არ იღებენ ბანკები, რადგან მათ და პორტის აქციონერებს ტვირთბრუნვაზე გავლენა არ აქვთ”.
ნეტგაზეთის კითხვაზე, როგორ შეიძლება სახელმწიფომ ტვირთბრუნვაზე პასუხისმგებლობა აიღოს, კონსორციუმის წარმომადგენელი ამბობს, რომ მინიმალურ ტვირთბრუნვაზე დაბალი ნიშნულის შემთხვევაში, სახელმწიფო კონპენსაციას აკეთებს.
“სესხის გადახდა რომ მოხდეს, არასაკმარისი ტვირთბრუნვის შემთხვევაში, ბანკებმა სესხის მომსახურება მაინც უნდა შეძლონ. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ეს ბანკები სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს მართავენ. ისინი საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, საკუთარი რისკების დაზღვევას ითხოვენ”.
ზურაბ ფიჩხაია განმარტავს, რომ ტვირთბრუნვის ნაწილში პასუხისმგებლობის საკითხზე, რასაც ბანკები 400 მლნ აშშ დოლარის სანაცვლოდ დღეს ითხოვენ, საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმების დროს საუბარი არ ყოფილა. ამ მოთხოვნის დაყენება მათი მხირდან მხოლოდ პროექტის შესწავლის შემდეგ მოხდა. მისი თქმითვე, უზრუნველყოფის საკითხზე სახელმწიფოს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.
ამას გარდა, კონსორციუმი საპარტნიორო ფონდისგან 100 მლნ დოლარის სუბორდინირებულ სესხს მიიღებს. ფიჩხაია განმარტავს, რომ სახელმწიფო ფონდისგან ამ სესხს მიიღებენ იმ შემთხვევაში, როცა ამ პროექტში ყველა ბანკი ჩადებს თანხას, ანუ მოხდება ე.წ ფინანსური დახურვა.
“ეს არის ჩვეულებრივი საბაზრო პირობებით მოცემული სესხი, რომელსაც გააჩნია კონკრეტული პროცენტი. ამას თან ემატება კონკრეტული მარჟა, რადგან ეს არის სუბორდინირებული სესხი, საკმაოდ მაღალპროცენტიანი, რომლის გადახდაც საპროექტო შემოსავლებიდან მოხდება. ჩვეულებრივი სესხების დაფარვა, რომელზეც ბანკებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, არის 15-წლიანი, ამ სესხის შემთხვევაში 2 წელი ემატება, ანუ 17 წელი”,-ამბობს ზურაბ ფიჩხაია.
სუბორდინირებულ სესხს დაფარვის უფრო დაბალი პრიორიტეტი აქვს, ანუ ბანკის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში სუბორდინირებული ვალის კრედიტორის მოთხოვნები ბაკმა უნდა დააკმაყოფილოს მხოლოდ ყველა დეპოზიტორთა და სხვა კრედიტორთა ვალების სრულად დაფარვის შემდეგ.
საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, ე.წ ფინანსური დახურვა, ანუ პროექტისთვის საჭირო დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარის აკუმულირება სხვადასხვა ბანკისგან 2018 წლის იანვარში უნდა მოხმდარიყო, თუმცა ამ პერიოდში ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ მოახერხა ამ სესხის მიღება და ეს პერიოდი 2019 წლის ივლისამდე გადავადდა.
ზურაბ ფიჩხაიას თქმით, ვადის გადაწევით არ მომხდარა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და გადავადების პროცესი სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. როგორც ის ამბობს, 2016 წლის ბოლოდან, ანუ სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელში, მათ სამშენებლო ნებართვა მოიპოვეს. ამასთან, ყველა მოსამზადებელი სამუშაო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანხით მოხდა.
“ერთ წელიწადში სამშენებლო ნებართვა მივიღეთ. შემდეგ არ გვევალებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ მშენებლობის დასრულება მალე გვინდა, 2018 წლიდან სამშენებლო სამუშაოები დავიწყეთ. 5 მლნ კუბური მეტრი მიწა ამოვიღეთ ზღვის ფსკერიდან. შედეგად, დღეს ანაკლიის აკვატორია ყველაზე ღრმაა საქართველოში, იმხელა დაღმავლობა გავაკეთეთ. ამ ყველაფერში დავხარჯეთ 70 მლნ აშშ დოლარი. ეს არის სრულად აქციონერთა ფული”.
შ.პ.ს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 99.9%-ს სს ანაკლია ჰოლდინგი, ხოლო 0.01%-ს სახელმწიფო ფლობს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა, მისი მოადგილე კი -ბადრი ჯაფარიძე. ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ფაზისგან შედგება. როგორც კონსორციუმის ფინანსური დირექტორი ამბობს, პირველი ფაზისთვის 600 მლნ აშშ დოლარის მოზიდვაა საჭირო და ის 2020 წლითვის უნდა დასრულდეს.
“ამ თანხიდან 120 მლნ აშშ დოლარის ჩადება აქციონერების მხრიდან უნდა მოხდეს. როგორც გითხარით, 70 მლნ აშშ დოლარი უკვე დახარჯულია, 50 მლნ აშშ დოლარი უკვე მოძიებულია და ჩვენ სამუშაოებს ვაგრძელებთ. ამასთან, 100 მლნ დოლარის ჩადების პირობა სახელმწიფოსგან მივიღეთ. [საპარტნიორი ფონდი] დანარჩენი 400 მლნ აშშ დოლარზე გვაქვს ხელმოწერილი [შეთანხმებები] ფინანსირებაზე საერთაშორისო ბანკებთან. ამ ბანკებიდან მსგავსი ფინანსების მოძიებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. მათ ძალიან დეტალურად აქვთ ანაკლიის პორტის პროექტი შესწავლილი. ახლა მათგან საბოლოო გადაწყვეტილებას ველით”, – აცხადებს ზურაბ ფიჩხაია.
კითხვაზე, თუ ამ თანხის მოძიება პირველი ივლისისთვის ვერ მოხდება, ანუ იმ დრომდე, როცა ე.წ. ფინანსური დახურვა უნდა განხორციელდეს, რაც გულისხმობს საჭირო ფინანსების სრულ მობილიზებას, რა ხდება შემდეგ, ის პასუხსობს:
“ფინანსური დახურვა რომ მოხდეს, ერთადერთი, რაც საჭიროა, მთავრობასთან მოლაპარაკებების დასრულებაა. თუ ეს პროცესი არ დასრულდა, მთავრობას აქვს საკმაოდ ბევრი ბერკეტი, გააგრძელოს ვადა, მოგველაპარაკოს და ა.შ. ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფოს აქვს უფლება, კონსორციუმს შეუჩეროს მშენებლობის უფლება”. – აცხადებს ზურაბ ფიჩხაია.
დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ თუ ივლისამდე მამუკა ხაზარაძესა და ბარდი ჯაფარიძის ირგვლივ მიმდინარე საგამოძიებო პროცესი არ დასრულდება, ეს ბანკები მსგავსი ოდენობის სესხზე ხელს არ მოაწერენ.
“ჩვენს აქციონერებს [ბადრი ჯაფარიძე; მამუკა ხაზარაძე] კარგი რეპუტაცია აქვთ და დიდი ხნის ურთიერთობა გააჩნიათ საერთაშორისო ბანკებთან. ამის მიუხედავად, მათ აქვთ მკაცრი რეგულაციები და იმ ადამიანებთან, ვისაც ფულის გათეთრებას ედავებიან, სანამ ეს საქმე არ დაიხურება და მათი უდანაშაულობა არ დამტკიცდება, თანხის ჩადების ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერენ. პორტის ასაშენებლად თანხის მოზიდვა ჩვენი პრეროგატივაა, რაც რეალურად გავაკეთეთ. ხელშეკრულებებსა და მანდატის წერილებს ამ ბანკებთან ხელი მმოვაწერეთ. იქამდე მივიყვანეთ პროექტი, რომ ბანკებს შეკითხვები აღარ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ იმისთვის რომ დაფინანსება მოხდეს, საჭიროა მოლაპარაკება მთავრობასთან. ეს პროექტი, როგორც უკვე ვახსენე, PPP და, როგორც წესი, ამ ტიპის პროექტებში გარკვეული ფინანსური გარანტიებია საჭირო მთავრობის მხრიდან”,-აცხადებს ზურაბ ფიჩხაია.
20 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებით სახელმწიფო ვალდებული იყო მხოლოდ ანაკლიამდე მისასვლელი გზა და რკინიგზა გაეკეთებინა.
“საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა შეისწავლეს პროექტი და 2018 წლის ბოლოს კონსორციუმმა მოგვაწოდა ის პირობები, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ითხოვენ. მათი სურვილია, გარკვეულ ცვლილებები შევიდეს იმ საინვესტიციო ხელშეკრულებაში, რაც კონსორციუმთან დღეს არის გაფორმებული. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მთავრობისგან ტვირთების გარანტიას ითხოვენ, რაც ამ სესხების უზრუნველყოფას გულისხმობს. როგორც მოგახსენეთ, ეს პირობა თავიდან არ იყო გათვალისწინებული, არც ინტერესთა გამოხტვის დროს და არც საინვესტიციო ხელშეკრულებაში. მთელი ამ დროის განმავლობაში მთავრობა კონსორციუმთან მუშაობს, რომ ეს პროცესი სწრაფად და დადებითი შედეგით წარიმართოს”,-ამბობს მაია ცქიტიშვილი.
- პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია. მშენებლობა 9 ფაზად იყოფა და, საბოლოო ჯამში, პორტის გამტარუნარიანობამ წელიწადში 100 მლნ. ტონას უნდა მიაღწიოს. პორტის პირველი ფაზა 2020-2021 წლისათვის უნდა ამოქმედდეს და პორტმა გემები უნდა მიიღოს.
- ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.
- ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ტერმინალის ოპერატორთან, SSA Marine-თან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა.