YouTube-ის ვიდეოების გამო ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით აშშ-ში მშობელი დააკავეს

“ფანტასტიკური თავგადასავლები” – ასე ერქვა YouTube არხს, სადაც მშობელი ბავშვების, ერთი შეხედვით, მხიარულ და სასაცილო ვიდეოებს აქვეყნებდა, თუმცა სწორედ ამ მშობელს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ.

როგორც CNN წერს, ბრალდების მიხედვით, მშობელი ბავშვებს წიწაკის სპრეის ასხამდა, არ აჭმევდა და ყინულიან აბაზანაში ყოფნას აიძულებდა იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოში მონაწილეობა არ მოუნდებოდათ, ან გადაღებისას რაიმე შეეშლებოდათ. იუთუბის ამ არხს 800 000 გამომწერი და, ჯამში, 250 მლნ ნახვა ჰქონდა. მისი მთავარი გმირი კი მშობლის მიერ ნაშვილები 7 ბავშვი იყო.

გამოცემის თანახმად, მშობელი დღეების განმავლობაში ბავშვებს საჭმელსა და სასმელს არ აწვდიდა, სცემდა და გასახდელებში კეტავდა. გარდა ამისა, აიძულებდა, ყინულით სავსე აბაზანაში ჩამსხდარიყვნენ. მშობელმა ბავშვები სკოლიდანაც გამოიყვანა, რათა მათთვის უფრო მეტი ვიდეო გადაეღო.

ინფორმაცია ბავშვებზე ძალადობის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც პოლიცია წინა კვირას სახლში შემოწმების მიზნით შევიდა. შემოწმებისას პოლიციამ ერთ-ერთი ბავშვი გასახდელ ოთახში საცვლის ამარა იპოვა. რაც შეეხება სხვა ექვს ბავშვს, პოლიცია ამბობს, რომ მათ შესამჩნევად აღენიშნებოდათ დაბალი წონა და თვალების ქვეშ შავი წრეები. ყველა ბავშვი მშიერი იყო.

დედის ოთახში პოლიციამ წიწაკის სპრეის სამი ქილა იპოვა. CNN ასევე წერს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვები იპოვეს, ერთ-ერთმა მათგანმა 20 წუთის განმავლობაში 3 ბოთლი წყალი დალია.

თავად ბავშვები შემდგომ ინტერვიუში ადასტურებენ, რომ დღეების განმავლობაში მშობელი მართლაც არ აჭმევდა და არ აძლევდა საპირფარეშოს გამოყენების უფლებას. ბავშვების თქმით, მათ ასევე სცემდნენ, ასხამდნენ წიწაკის სპრეის და აიძულებდნენ, რომ კუთხეში ხელებაწეული საათობის განმავლობაში მდგარიყვნენ.

“მე ან ქამრით, ან ტანსაცმლის ჩამოსაკიდით, ან ჯაგრისით მცემდმენ… ან თავიდან ფეხების თითებამდე წიწაკის სპრეის მასხამდნენ”, – ამბობს ბავშვი ინტერვიუში.

სხვა ბავშვების ჩვენების მიხედვით, მშობელი მათ ხშირად გენიტალიებზე მანამდე ჩქმეტდა, სანამ სისხლი არ წამოუვიდოდათ. ერთ-ერთი გოგო კი ამბობს, რომ მშობელმა გენიტალიაზე სპრეი შეასხა და 5 დღის განმავლობაში ტკივილი არ უნელდებოდა.

მშობელი და მისი სამი უფროსი ვაჟი ამ დროისთვის დაკავებულნი არიან. ისინი უარყოფენ წამების ფაქტებს, თუმცა ამბობენ, რომ დისციპლინური ზომების გამო ფიზიკური დასჯის მეთოდებს იყენებდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან