ახალი ამბები

“თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ირღვევა ცხოველთა უფლებები” [Video]

15 სექტემბერი, 2014 • • 11168
“თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ირღვევა ცხოველთა უფლებები” [Video]

“რაიონებში მდგომარეობა უკონტროლოა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მაღალჩინოსნების დავალებით, ღამის საათებში ცეცხლსასროლი იარაღით ხორციელდება ცხოველების განადგურება. ფაქტები არის, მაგრამ იმდენად საკმარისი არ არის, რომ საქმის წარმოება დაიწყოს, მაგრამ რეალურად ინფორმაცია გვაქვს, დუშეთში და კახეთში ფიქსირდება ასეთი ფაქტები. ჩვენ ამ ფაქტებზე მივმართეთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, მაგრამ პასუხი იყო, რომ ასეთი რამ არ ხდება. დასუფთავების სამსახურებმა რეალურად ცხოველების გვამები გააქრეს.”

 

მისივე თქმით, ხშირად ხელშეკრულებები ფორმდება დამჭერ კომპანიებთან, მაგრამ მათი საქმიანობის მონიტორინგი არ ხორციელდება:

 

“ქუთაისში ხელშეკრულებით კვება არის გათვალისწინებული, თუმცა კვებაც უკვე აღარ ხორციელდება. არ ხდება ძაღლების ვაქცინაცია, ხშირად ქალაქში დაჭერილ ძაღლებს ქალაქგარეთ უშვებენ. თავშესაფარში თითო ვოლიერში დაახლოებით 20 ძაღლია, კანონით კი დასაშვები მხოლოდ 2-3 ძაღლია. გარდა ადგილების სიმცირისა და კვების პრობლემისა, ქუთაისში კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა. მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსმა თამაზ დეისაძემ გასცა განკარგულება დაჭერილი ძაღლები ქალაქგარეთ გაეშვათ, რაც არის კანონდარღვევა, რადგან თამაზ დეისაძის კომპეტენცია მხოლოდ ქუთაისში ვრცელდებოდა, ამიტომ სხვა მუნიციპალიტეტში ძაღლების გაშვება უკანონოდ ხდებოდა. ამის შესახებ შსს-ს საჩივრით მივმართეთ. დაიწყეს გამოძიება, მაგრამ რა შედეგით დასრულდა, ჩვენ ინფორმაცია ვერ მივიღეთ“, – განაცხადა ლაჭყეპიანმა.

შეხვედრა ქუთაისში ცხოველთა უფლებების საკითხზე
შეხვედრა ქუთაისში ცხოველთა უფლებების საკითხზე

 

ინდმეწარმე პაატა ბოკუჩავა, რომელსაც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული 89 ათასლარიანი ტენდერი აქვს მოგებული, ამბობს, რომ თავშესაფარში ცხოველები 10-დღიან საკარანტინო პერიოდს ატარებენ, რის შემდეგაც მათ ქალაქგარეთ უშვებენ:

 

“ძაღლების დაჭერას მერიის თანამშრომლები აფიქსირებენ. მოგვყავს აქ, ხდება ვაქცინაცია, დღეში ორჯერ ვრეცხავთ ვოლიერს, დღეში ორჯერ ვაჭმევთ პურს. კონტრაქტით გათვალისწინებულ ყველა პირობას ვასრულებთ, კონტრაქტითაა გათვალისწინებული ისიც, რომ ქალაქის პერიფერიაში გავუშვათ ძაღლები. ვუშვებთ დაუსახლებელ ტერიტორიაზე. რაც შეეხება კვებას, აღნიშნულ თანხაში კვების ხარჯები არ არის გაწერილი, საკუთარი სახსრებით ვყიდულობ პურს,” – აცხადებს პაატა ბოკუჩავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი