თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სააგენტოს უფროსის, თემურ გიორგაძის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 1500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა:
“ძლიერი ხანძარი იყო და სწრაფად ვრცელდებოდა. მოგეხსენებათ, რომ გადამხმარია შიგნით ყველაფერი, როგორც ბალახები, ისე ხეები და ბუჩქები. გამოსული იყო 13 ერთეული ჯგუფი. შეგვიშალა ხელი იმან, რომ მანქანები ფიზიკურად არ უდგება და მოგვიწია ძალიან შორიდან სახელურების გაშლა. რაც მთავარია, ხანძრის კერას ნახევარზე წყლის ჭავლით მივწვდით, რამაც ხანძრის დროული ლოკალიზაცია მოახერხა.”
პ. კაკაბაძის ქუჩაზე მცხოვრებნი აცხადებენ, რომ იგივე ადგილას უკვე მეორედ გაჩნდა ხანძარი. მათი ვარაუდით, ხანძარი დამსვენებლების დაუდევრობის შედეგად გაჩნდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურს ხანძრის შესახებ მოქალაქე ნიკოლაიშვილმა, დაახლოებით, 13.00 საათზე შეატყობინა. სახანძროს 14 და სამაშველო სამსახურის 1 მანქანა მიმდებარე ტერიტორიაზე 13.25 საათზე გამოჩნდნენ. თუმცა ცეცხლი ავტომობილისთვის მიუვალ ადგილას იყო გაჩენილი, რის გამოც მეხანძრეებს მის ჩასაქრობად წყალი სპეციალური ზურგჩანთებით მიჰქონდათ. სახანძრო სამსახურის ბრიგადები მობილიზებული იყო როგორც მთაწმინდის პარკში, ისე პოლიკარპე კაკაბაძის მიმდებარე ტერიტორიაზე.





