ახალი ამბები

საფრანგეთი და სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემენ – ელჩი

19 მარტი, 2019 • 2696
საფრანგეთი და სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემენ – ელჩი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით, საქართველო შეყვანილია უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რაც ნიშნავს, რომ საფრანგეთი, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს არ მისცემენ.

“ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ გაითავისა ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს და არიან დევნილები, ამან შესაძლოა საქართველოს იმიჯი დააზიანოს და მისი ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საფრანგეთი, ისევე როგორც სხვა ქვეყნები – გერმანია და შვედეთი – არ მისცემენ საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს, რადგან თქვენი ქვეყანა სანდო ქვეყანად არის აღიარებული. გვსურს, ეს მესიჯი გაიმეოროს ყველამ, რათა ის კარგად იყოს გაგებული”, – განაცხადა პასკალ მენიემ “რუსთავი 2-“ის ინფორმაციით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებული არცერთი მიმართვა არ დაკმაყოფილდება.

“ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებთ, თავს მძიმე მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებენ, რადგან ევროკავშირის მხრიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად განიხილება და თავშესაფრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.


2017 წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა 72%-ით არის გაზრდილი. 2018 წელს ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეების 20 000 განაცხადი დაფიქსირდა და მათგან მხოლოდ 3% დაკმაყოფილდა.

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის შეჩერების მიზნით, ცვლილებები იგეგმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმადაც, პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ორგანიზება ან თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა დასჯადი გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი