ახალი ამბები

საზღვარგარეთ უკანონოდ დარჩენაში ხელშეწყობა დაისჯება – კანონპროექტი

12 მარტი, 2019 • 1584
საზღვარგარეთ უკანონოდ დარჩენაში ხელშეწყობა დაისჯება – კანონპროექტი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებულია ცვლილებები, რომლის თანახმადაც, პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ორგანიზება ან თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა დასჯადი გახდება.

კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ქმედება 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება; იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით – 3-დან 6 წლამდე, ხოლო ორგანიზებული ჯგუფის მიერ – 4-დან 7 წლამდე.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზეზი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის პრევენციაა.

“ბოლო პერიოდში, საქართველოდან უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გამო, იმატა კრიტიკამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან, რაც შეიძლება გახდეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვის წინაპირობა. 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა 72%-ით არის გაზრდილი. 2018 წელს ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეების 20 000 განაცხადი დაფიქსირდა. ამათგან განაცხადების ¾ დაფიქსირდა მხოლოდ 5 ქვეყანაში. საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლები რიგ ქვეყნებში რაოდენობით ჩამოუვარდებიან მხოლოდ საომარ ან კრიზისულ ვითარებაში მყოფ ქვეყნებს, როგორიცაა სირია, ერაყი, ავღანეთი, ირანი, პაკისტანი და ა.შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქეების განაცხადების მხოლოდ 3% იქნა დაკმაყოფილებული, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნების პირველ ათეულში. ამასთან, სახეზე გვაქვს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიის მიერ ევროკავშირის თავშესაფრის პოლიტიკის ბოროტად გამოყენების ხელშეწყობის/ორგანიზების ფაქტები
სარგებლის მიღების მიზნით, რის გამოც აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა, რაც მინიმუმადე დაიყვანს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების რისკებს”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, შოთა ხაბარელი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი