ახალი ამბები

უტრეხტში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

18 მარტი, 2019 • 1534
უტრეხტში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ უტრეხტში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. ის 37 წლის კაცია თურქეთიდან.

პარალელურად, Reuters-ის თანახმად, ტრამვაიში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ხუთი ადამიანი დაჭრილია.

თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელის ქმედების ზუსტი მოტივი უცნობია. პროკურორის განცხადებით, ეს შეიძლება იყოს “ოჯახთან დაკავშირებული საკითხებით” გამოწვეული  ქმედება. თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” კი კაცის ოჯახის ნათესავებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, მან თავდაპირველად ტრამვაიში მყოფ ნათესავს ესროლა, შემდეგ კი, როცა მის დახმარებას სხვა მგზავრები შეეცადნენ, მათაც გაუხსნა ცეცხლი.

თავდასხმის შემდეგ ქალაქის თავზე ვერტმფრენები პატრულირებდნენ. ოფიციალურმა პირებმა უტრხეტში ტერორიზმის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. რიგ დაწესებულებებში, მათ შორის, აეროპორტებში, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

მომხდარიდან მალევე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა საგანგებო თათბირი მოიწვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი