“ფინანსთა მინისტრის ანგარიში მოვისმინეთ და ვნახეთ, რომ ბიუეჯტში არის ძალიან ბევრი პრობლემა, შემოსავლების ნაწილში არის ას მილიონამდე ლარის დანაკლისი, ხოლო მთლიანი დანახარჯების ნაწილში არის დაახლოებით ოთხასი მილიონი ლარის დანაკლისი. ბევრ სამინისტროს აქვს დარღვევა ბიუჯეტში, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ეს პრობლემები იყო შარშანაც და თუ მთავრობა შარშანდელივით ხაზინიდან ბოლო კვარტალში დიდი რაოდენობით თანხებს გამოიტანს, ეს გამოიწვევს ლარის გაუფასურებას, ისევე როგორც ეს შარშან მოხდა და, რაც მთავარია, წელს პირველ ექვს თვეში მთავრობამ ხელფასის და პრემიის სახით აიღო დაახლოებით 130 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2012 იგივე პერიოდში იღებდა მთავრობა,”– ამბობს საპარალამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე.
იმავეს იმეორებს უმცირესობის კიდევ ერთი წევრი გოკა გაბაშვილი:
“მთავრობამ თავისი უნიათობის, არაკომპეტენტურობის და უცოდინრობის გამო ფული ვერ აითვისა. ისინი ალბათ შარშანდელივით, ბოლო კვარტალში გამოყრიან ამ ფულს და პრობლემები შეექმნება ლარს. ხოლო ამ პრობლემის მოგვარებას თუ შეეცდებიან, ეს ქვეყანას დაუჯდება რამდენიმე ასეული მილიონი ლარი, რათა კურსი დაიჭირონ, თუ არადა, ეს მოქალაქეებს ინფლაციის ფასად დაუჯდება.”
ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა ამბობს, რომ პრობლემები, რომელსაც უმცირესობა ხედავს, რეალურად პრობლემატური არ არის:
“მე შევეცადე ყველანაირად დღევანდელი შეხვედრა საქმიანი ყოფილიყო. დასმული იყო შეკითხვები, მე შევეცადე ამეხსნა რომ პრობლემები, რომლებსაც ხედავენ რეალურად არ არის პრობლემატური. შევეცადე დამერწმუნებინა რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს. რაც შეეხება გაზრდილ ხარჯებს ბოლო სამ თვეში, წლევანდელი მდგომარეობა შარშანდელთან შედარებით უკეთსია, ბოლო თვეებს ყოველთვის ახასიათებს სეზონურობა და ხარჯი დეკემბრის თვეში გაცილებით მეტია ხოლმე, ვიდრე იანვრის თვეში, ეს ბუნებრივი მოვლენაა. წლევანდელი ბიუჯეტის შესრულება უკეთესად მიმდინარეობს, ვიდრე შარშან იყო.”
