ახალი ამბები

ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სია 772 წამლით გაიზარდა

11 სექტემბერი, 2014 •
ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სია 772 წამლით გაიზარდა

სერგეენკოს თქმით, ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა სიაში გადასული წამლების აბსოლუტური უმრავლესობა არის გარეგანი მოხმარების საშუალებები, მალამოები, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საინქეციო ფორმები.

 

მინისტრი ამბობს, რომ მედიკამენტების ჯგუფებში გადანაწილების კუთხით ეს რიგით მეხუთე ცვლილებაა.

 

“ეს ცვლილებები არ არის საბოლოო, ეს არის ხშირი, პერმანენტული. შეიძლება მომავალში აღმოჩნდეს, რომ ურეცეპტოდ გასაცემს დაემატოს, ან პირიქით,”– განაცხადა სერგეენკომ.

 

რეცეპტით გასაცემთა სიიდან მედიკამენტების გარკვეული ნაწილის ურეცეპტოდ გასაცემთა ნუსხაში გადატანის ინიციატივით ჯანდაცვის მინისტრს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა 9 სექტემბერს მიმართეს.

 

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტის, ირინა ჭელიძის თქმით, ბევრი მედიკამენტი გადავიდა რეცეპტით გასაცემთა სიაში, რასთან გამკლავებაც მოსახლეობასა და ექიმებს უჭირდათ. ამიტომაც, მისი თქმით, შესთავაზეს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გარკვეული რაოდენობის მედიკამენტები მეორე ჯგუფიდან მესამეში დროებით გადაეტანათ.

 

მედიკამენტები, რომლებიც 15 სექტემბრიდან ურეცეპტოდ გაიცემა, შემდეგ რიგს განეკუთვნებიან: 1. ადგილობრივი დერმატოლოგიური გამოყენების ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული საშუალებები. 2. ანტივირუსული საშუალებები 3. ოფთალმოლოგიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ყურის წვეთები; 4. იმუნომოდულატორები; 5. ანტიმიკოზური საშუალებები; 6. ვიტამინები და (საინექციო წამლის ფორმები.); 7. მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები; 8. არასტეროიდული ანთების საშუალებები (საინექციო წამლის ფორმები); 9. აზმოვიზური საშუალება (საინექციო წამლის ფორმები) 10. ერექციის დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები; 11.ჰეპატოპროტექტორული საშუალებები; 12. ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოიული; 13. ბიოგენური სტიმულატორები; 14. ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული საშუალებები; 15. რეჰიდრატაციისა და დეზინტოქსიკაციური საშუალება ელექტროლიტური ხსნარები.

მასალების გადაბეჭდვის წესი