ახალი ამბები

თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ ქობულეთში მომხდარი ინციდენტი სიძულვილითაა მოტივირებული

11 სექტემბერი, 2014 •
თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ ქობულეთში მომხდარი ინციდენტი სიძულვილითაა მოტივირებული

“ეს დანაშაული რელიგიური სიძულვილის საფუძველზეა ჩადენილი, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დამამძიმებელი გარემოებაა. სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან ყველა დამნაშავე პირი გამოავლინონ და დასაჯონ. საქართველოსთვის ეს დიდი პრობლემაა. ჩვენ მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური წარმოშობის მქონე მოქალაქეების ერთობა ვართ და სახელმწიფოს ვალდებულება არის არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ უმცირესობის უფლებების დაცვაც და,  სამწუხაროდ, ბოლო წლის განმავლობაში მუსლიმთა თემი ის თემია, რომელიც ყველაზე მეტად ვიწროვდება დაუსჯელობის სინდრომით, რომელსაც ხელისუფლება ახალისებს,”– აღნიშნავს ჩიორა თაქთაქიშვილი.

 

დეპუტატის თქმით, მას იმედი არ აქვს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ამ ინციდენტით დაინტერესდება და რეაგირებას მოახდენს.

 

გუშინ ქობულეთში მომიტინგეებმა, რომლებიც თავიანთ თავს მართლმადიდებლურ თემს მიაკუთვნებენ,  ღორი დაკლეს და მისი თავი მუსლიმების დაწესებულების  შესასვლელში დაკიდეს. აჭარის ტელევიზიის ცნობით, მომიტინგეებმა ქუჩაც გადაკეტეს რამდენიმე წუთის განმავლობაში. ისინი ითხოვენ, რომ ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე შენობაში მუსლიმური დაწესებულება არ გაიხსნას.

 

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მუქარის (151-ე) მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი