ახალი ამბები

“ახალმა საქართველომ” თბილისში პარტიული ყრილობა გამართა

17 მარტი, 2019 • 1082
“ახალმა საქართველომ” თბილისში პარტიული ყრილობა გამართა

დღეს 17 მაისს, თბილისში პარტია “ახალი საქართველოს” ყრილობა გაიმართა. ყრილობა პარტიის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გახსნა, რომელმაც განაცხადა, რომ პარტია “ემზადება იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მიაღწიოს”. პარტიულ ყრილობას ოპოზიციური პარტიები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობა” და ახალშექმნილი”კანონი და სამართალი” ესწრებოდა.

“ვემზადებით იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ ყველამ ერთად იმიტომ, რომ ჩვენსკენ არის სიმართლე, ჩვენსკენ არის ის ხედვა, რომელიც საქართველოს სჭირდება და ჩვენსკენ არის გაერთიანების, ერთად დგომის და დაპირისპირებაზე, ლანძღვა-გინებაზე უარის თქმის იდეა,“ – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ამასთანავე, სიტყვით გამოსვლისას, ვაშაძემ გააკრიტიკა დღევანდელი ხელისუფლება და განაცხადა, რომ ხელისუფლება, რომელსაც საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა არ შეუძლია, ქვეყანას აღარ უნდა მართავდეს.

“ხელისუფლება, რომელიც მფარველობს კრიმინალებს, რომელიც იცავს მხოლოდ საკუთარ ინტერესებს, ხელისუფება, რომელიც არაფრად აგდებს შვილმოკლულ მამებს, რომლებიც დღემდე, წელიწადია უკვე ქუჩაში დგანან, და ერთადერთ რამეს ითხოვენ – მათი შვილები მკვლელების დასჯას…

ხელისუფლება, რომელიც საგარეო ასპარეზზე ვეღარაფერს აკეთებს, ხელისუფლება, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ვერ იცავს საკუთარ მოქალაქეებს და სამწუხაროდ, ყოველდღიურად მცოცავი ოკუპაციის მომსწრენი ვართ, ხელისუფლება, რომელიც აღარ იაზრებს იმ ხალხის გაჭირვებას და იმ პრობლემებს – ეს ხელისუფლება არ არის ღირსი იყოს სათავეში და აუცილებლად, რაც შეიძლება სწრაფად, ყველამ ერთად გაერთიანებული ძალებით, უნდა დავასრულოთ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი