ახალი ამბები

ქაცარავას თქმით, აქტივისტები ხურვალეთში მის გარეშე შეუშვეს

16 მარტი, 2019 • 1210
ქაცარავას თქმით, აქტივისტები ხურვალეთში მის გარეშე შეუშვეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში შეუშვეს, თუმცა მათ შორის არ იყო მოძრაობის აქტივისტი დავით ქაცარავა. როგორც მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, შესაბამისი თხოვნა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისაგან მოდიოდა.

“ჯგუფი იყო ჩემს გარეშე შესული. თხოვნა ჩემი არშესვლის შესახებ იყო იმ პირებისგან წამოსული, ვისთანაც მე მქონდა კომუნიკაცია – ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს ვგულისხმობ. მე ეს თხოვნა გავითვალისწინე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ცოტა გაურკვეველი იყო ჩემი არშესვლის მიზეზი და მიზანი. მე მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია, ჩემი სუბიექტური შეფასება გავაკეთო, რომელიც ბუნებრივია, შესაძლოა, არ დაემთხვეს რეალურ მიზეზს, მაგრამ ალბათ რუსების არგაღიზიანების კუთხით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული”, – უთხრა დავით ქაცარავამ “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ოთხი აქტივისტისაგან შემდგარმა ჯგუფმა ხურვალეთი უკვე დატოვა. ქაცარავას განცხადებით, ისინი ახლა კონსულტაციებს გაივლიან, რის შემდეგაც განცხადებას გააკეთებენ.

სოფელ ხურვალეთის მცხოვრებმა, ლუდა სალიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გუშინ, 15 მარტს დაწერა, რომ რუსმა სამხედროებმა სოფლის ბოლო დაიკავეს.

“SOS ვითხოვთ შველას! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ.! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში”, – წერდა სალია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ  არ დაადასტურეს რუსი სამხედროების საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლა და ბორდერიზაციის ახალ ფაქტები.

მოგვიანებით, სოფელში ჟურნალისტები შეუშვეს, საღამოს კი შსს-მ 11 წამიანი ვიდე გაავრცელა, რომელშიც შეიარაღებული პირები არ ჩანდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი