ახალი ამბები

შსს-მ ნარკორეალიზაციის ბრალდებით 29 პირი დააკავა

15 მარტი, 2019 • 847
შსს-მ ნარკორეალიზაციის ბრალდებით 29 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 29 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულები ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის წევრები არიან.

გამოძიების ვერსიით, ფონიჭალაში დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების გავრცელების სათავეში იდგნენ და ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას სხვა ნარკორეალიზატორებზე ასაღებდნენ და მათ მიერ ნარკოტიკების გავრცელების შედეგად მიღებული თანხის გარკვეულ ნაწილსაც იღებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან  რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის „ჰეროინისა“ და „კოკაინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა.

“პოლიციამ ასევე ბრალდებულების პირადი ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ათეულობით შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო”, – ამბობენ უწყებაში.

შსს-ს ცნობით,  ნარკოდანაშაულის ბრალდებით ასევე დააკავეს 9 პირი თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და საქართვლოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 ნაწილებით და 262-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი