ახალი ამბები

მსოფლიო ლიდერთა რეაქციები ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტზე

15 მარტი, 2019 • 1965
მსოფლიო ლიდერთა რეაქციები ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტზე

მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს  ლიდერები გმობენ ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე 15 მარტის თავდასხმებს.

ბოლო მონაცემებით, ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთზე შეიარაღებულ თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი სერიოზულად დაშავდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასიდა არდერნმა, მომხდარს უკვე უწოდა ტერორისტული აქტი. მისი თქმით, მომხდარის უკან იდგა “ექსტრემისტული იდეოლოგია, რომლის ადგილიც არ არის ახალ ზელანდიასა და საერთოდ, მსოფლიოში”.

“ბევრი ის ადამიანი, ვინც პირდაპირ დაზარალდა ამ სროლის შედეგად, სავარაუდოდ, მიგრანტები იყვნენ ახალ ზელანდიაში, შეიძლება – ლტოლვილებიც. მათ აირჩიეს ახალი ზელანდია სახლად და ეს არის მათი სახლი.

ისინი არიან “ჩვენ”. ადამიანი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა – არა. მათი ადგილი ახალ ზელანდიაში არ არის. ახალ ზელანდიაში არ არის ასეთი ექსტრემისტული და უპრეცედენტო ძალადობრივი აქტების ადგილი”, – აღნიშნა მან.

ტრაგედიაზე საუბრისას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა, აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ახალი ზელანდიის გვერდითაა.

“ჩვენ აქ ვდგავართ და აბსოლუტურად ვგმობთ თავდასხმას, რომელიც დღეს განხორციელდა ექსტრემისტის, მემარჯვენე, მოძალადე ტერორისტის მიერ”, – თქვა მან.

მომხდარი დაგმო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც. მან თავდასხმა რასიზმისა და ისლამოფობიის გამოვლენად შეაფასა.

“ჩემი ქვეყნის სახელით, ვუსამძიმრებ ისლამურ სამყაროსა და ახალი ზელანდიის ხალხს, რომლებიც ამ საშინელი თავდახმის ობიექტები, სამიზნენი გახდნენ – რასიზმისა და ისლამოფობიის ზრდის უკანასკნელი ნიმუშისა”, – დაწერა მან ტვიტერზე.

მომხდარი ისლამოფობიის გამოვლენად შეაფასა ტვიტერზე პაკისტანის პრემიერმა, იმრან ხანმა.

“ტერორისტული აქტების მზარდ რაოდენობას ვაბრალებ ისლამოფობიას, რომელიც 9/11-ის შემდეგ 1.3 მილიარდ მუსლიმს კოლექტიურად ადანაშაულებს ყველა იმ ტერორისტულ აქტში, რომელიც მუსლიმმა ჩაიდინა”, – წერს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი.

თურქეთისა და პაკისტანის კვლადაკვალ, ტერაქტი დაგმეს ავღანეთის, ტაივანის, მალაიზიის, ინდონეზიისა და ავსტრალიის ხელისუფლებებმა, ასევე, ნიუ-იორკის მერმა და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი