ახალი ამბები

კადიროვი მოსკოვში ტერაქტის შემდეგ რუს ულტრანაციონალისტებს ემუქრება

25 მარტი, 2024 • 3471
კადიროვი მოსკოვში ტერაქტის შემდეგ რუს ულტრანაციონალისტებს ემუქრება

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა შეშფოთება გამოთქვა მოსკოვთან ახლოს მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუსში” მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით რუსი ულტრანაციონალისტების რეაქციაზე.

კადიროვი მიიჩნევს, რომ თავდასხმის მასშტაბები “ბევრად დიდი და ღრმაა”, ვიდრე თავად თავდასხმა, რადგან რუსეთის მტრები ცდილობენ,  ნაციონალიზმის პოპულარიზაციის გზით, ძირი გამოუთხარონ რუსეთის ფედერაციას.

ჩეჩნეთის ლიდერის მტკიცებით, რუსეთი ყოველთვის იყო მულტინაციონალური და მულტირელიგიური სახელმწიფო და დაამატა, რომ “ცრუ პატრიოტები” ცდილობდნენ გამოიყენონ ხალხის გრძნობები და მოუწოდებენ მათ ფაშისტური მეთოდებისკენ”.

ასევე კადიროვი “მოკლე საუბრით” დაემუქრა ეთნიკური კონფლიქტის წამქეზებლებს.

ომის შესწავლის ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ კადიროვმა მიმართა რუს ულტრანაციონალისტებს, რომლებმაც საკონცერტო დარბაზ “კროკუსზე” თავდასხმა გამოიყენეს იმისთვის, რომ გამოეხატათ მტრული განწყობა ეთნიკური უმცირესობების და მიგრანტების მიმართ რუსეთში.


22 მარტს მოსკოვის რაიონში, Crocus City Hall-ში, სადაც „პიკნიკის“ კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ესვრიან თავდამსხმელები ფოიეში და საკონცერტო დარბაზში მყოფ ადამიანებს.

შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გაჩნდა, მოხდა რამდენიმე აფეთქებაც. საკონცერტო დარბაზი თითქმის მთლიანად დაიწვა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა.

ამჟამად, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ტერაქტის შედეგად 137 ადამიანის სიკვდილი დადასტურდა.

რუსული მედიების, “Baza-ს” და “SHOT-ის არაოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 143 ადამიანი.

მოსკოვის რეგიონული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტერაქტის შედეგად 180 ადამიანი დაშავდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაშავებულია, სულ მცირე, 200 ადამიანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი