ახალი ამბები

ისრაელში ტერაქტის 7 მსხვერპლიდან ერთ-ერთია ქართველი ილია ნოზაძე

2 ოქტომბერი, 2024 •
ისრაელში ტერაქტის 7 მსხვერპლიდან ერთ-ერთია ქართველი ილია ნოზაძე

ისრაელში, თელ-ავივში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა და 15 დაიჭრა. მათგან 5 იდენტიფიცირებულია და ერთ-ერთი არის საქართველოს 42 წლის მოქალაქე ილია ნოზაძე.

ილია ნოზაძეს, ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამი ტყვია მოხვდა. ის სატვირთო მანქანის მძღოლი იყო, წარმოშობით ხაშურიდან, სადაც მისი ცოლი, 17 და 14 წლის შვილები ცხოვრობენ. ილია ნოზაძე დაჭრილი გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 180-200 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ეს ირანის ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ისრაელზე.

ირანისგან მომდინარე თავდასხმისა და ისრაელში საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ, თელ-ავივში ორმა ტერორისტმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა მატარებელსა და ქუჩაში, გაჩერებაზე.

თავდამსხმელები პალესტინელები არიან, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჰებრონიდან. ისინი ისრაელში არალეგალურად იმყოფებოდნენ. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გაანეიტრალეს პოლიციის წარმომადგენლებმა და შეიარაღებულმა მოქალაქეებმა. ერთ-ერთი მოკლეს, მეორე — მძიმედ დაჭრეს.

ილია ნოზაძის გარდა, დანარჩენ გარდაცვლილებს შორის არიან 33 წლის ქალი, ინბარ სეგევ-ვიგდერი, რომელიც 9 თვის შვილს გადაეფარა, ბავშვი გადარჩა. 30 წლის მოცეკვავე შაჰარ გოლდმანი, 40 წლის ნადია სოკოლენკო, 24 წლის კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტი და კომიკოსი რევიტალ ბრონშტეინი. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთი გარდაცვლილი იერუსალიმში მცხოვრები საბერძნეთის მოქალაქეა.

ისრაელში საქართველოს საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, გარკვეულ დროს მოითხოვს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი