ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის საყვედური ზურაბიშვილს ბაქოში გაკეთებული განცხადების გამო

15 მარტი, 2019 • 1953
სომხეთის საყვედური ზურაბიშვილს ბაქოში გაკეთებული განცხადების გამო

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პარლამენტის [ეროვნული კრება] თავმჯდომარემ არარატ მირზოიანმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და ქართულ დელეგაციასთან გაფართოებული შეხვედრის დროს შემაშფოთებელი უწოდა სალომე ზურაბიშვილის ბაქოში ვიზიტისას მთიან-ყარაბაღზე გამოთქმულ მოსაზრებას.

“ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ, რათა დაბალანსებული და ნეიტრალური ფორმულირებები იყოს ორიენტირი მთიანი ყარაბაღის შესახებ განცხადებებში”, – ციტირებს სომხური მედია არარატ მირზოიანს.

ამ კონტექტში, როგორც გამოცემა iragir.am წერს, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ შეშფოთება გამოხატა თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების კონფლიქტის დარეგულირების შესახებ 2018 წლის 29 ოქტომბრის ერთობლივი განცხადების გამო.

“პარლამენტის სპიკერის თქმით, სომხეთის საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია ასევე საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთმა ფორმულირებამ ბაქოში. ამ კუთხით პარლამენტის თავმჯდომარემ მიუღებლად მიიჩნია სხვადასხვა კონფლიქტისადმი განზოგადებული მიდგომები”, – წერს გამოცემა.

“ჩვენ ერთად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და ეს ბოლო წლები განვიცადეთ ერთნაირი ტრაგედიები და დღესაც განვიცდით იმას, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი. ოკუპაციის ხაზები ჩვენთვის დღესაც ღია ჭრილობაა”, – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრის დროს გააკეთა.

ზურაბიშვილი ალიევს: ერთად განვიცდით ოკუპაციას

მინისტრი ყარაბაღიდან ცხინვალს სტუმრობს

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი