ახალი ამბები

სერგეენკოს პასუხი “სააფთიაქო ექიმისა” და წამლების “შავი ბაზრის” გამო კრიტიკაზე

9 სექტემბერი, 2014 • • 1741
სერგეენკოს პასუხი “სააფთიაქო ექიმისა” და წამლების “შავი ბაზრის” გამო კრიტიკაზე

“ჩვენ გვქონდა გადაწყვეტილება მისაღები, რომ ის გამოწვევები, რატომაც განხორციელდა ეს ცვლილება კანონში – სააფთიაქო ნარკომანია, უხარისხო მკურნალობა და თვითმკურნალობით მიღებული ზიანი გადაწონიდა, თუ “შავი ბაზრის” გავრცელების რისკი.

 

სახელმწიფოს მოვალეობა არის შავი ბაზრიდან დაცვა და ამას ახლაც და მომავალშიც განვახორციელებთ ეფექტურად,”– თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 9 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ სააფთიაქო ექიმის გამოჩენამ სერგეენკოს რეფორმა თავდაყირა დააყენა.

 

“ფარმაცევტული კომპანიის დაქირავებული ექიმები რეცეპტს იქვე, სააფთიაქო დახლის გვერდზე წერენ,” – ნათქვამია ჭიაბერაშვილის მიერ 9 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. ის ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრს “სააფთიაქო ექიმის” გაჩენის შესახებ რეცეპტების გაცემის დაწყებამდე 2 კვირით ადრე აფრთხილებდნენ.

 

ჯანდაცვის მინისტრმა დღესვე უპასუხა ოპონენტების განცხადებას და თქვა, რომ კარგი იქნებოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს კანონის განხილვაში, კონსულტაციებსა და დებატებში თავის დროზე მიეღოთ მონაწილეობა.

 

“ეს კანონი პარლამენტმა და არა ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო შარშან, 30 ივლისს, მას შემდეგ ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს და არც პარლამენტის წევრებს, არც ჩემს არსებულ ოპონენტებს ამაზე ხმა არ ამოუღიათ და ამაზე დაიწყეს კატაკლიზმის აღწერა მაშინ, როდესაც 13–14 აგვისტოს წინასწარ მომარაგებების ბუმი იყო,” – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

 

“სააფთიაქო ექიმის” გაჩენასთან დაკაშირებით კი მინისტრი ამბობს, რომ ეს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება ძირითადი სანებართვო პირობები.

 

“ავერსის” სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელი გია ჩიგოგიძე ადასტურებს, რომ ექიმის რამდენიმე  კაბინეტი მათ თავიანთი აფთიაქების ახლოს შექმნეს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ექიმის მომსახურება უფასოა.  ჩიგოგიძე ამბობს, რომ ამით ისინი კანონს არ არღვევენ.

 

“ჩვენ ის შევქმენით ჩვენი მუდმივი მომხმარებლისთვის, ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის, მაგრამ გარკვეული კონტიგენტისთვის. ვგულისხმობთ, პირველი რიგში, მოხუცებულ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება და ვთვლიდით, რომ მათთვის ძნელი იქნებოდა, რომ გვეთქვა პირველ დღეებში, რომ იცით, უნდა წახვიდეთ, მოხვიდეთ და ასე შემდეგ.

 

ასევე ქრონიკული დაავადებების პაციენტები, რომლებიც მუდმივად, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე წამალს სვამენ. დავუშვათ, ჩიყვის წამალი გაუთავდა ადამიანს, ვერ ახერხებს უცბად წასვლას და ა.შ ” – თქვა ჩიგოგიძემ.

 

მისი თქმით, ეს სერვისი სპეციალურად “ავერსის” მომხმარებლებისთვის შეიქმნა.

 

“თუმცა, თუ გარედანაც შემოდის ვიღაც, ექიმები უარს ვერ ეუბნებიან,” – ამბობს “ავერსის” სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელი.

მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვა “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2014 წლის პირველი სექტემბრიდან აიკრძალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი