ახალი ამბები

82 წლის ნიზამი და სხვები, რომლებიც სტამბოლში ქართულ ენას სწავლობენ

14 მარტი, 2019 • 1781
82 წლის ნიზამი და სხვები, რომლებიც სტამბოლში ქართულ ენას სწავლობენ

82 წლის ნიზამი თურქეთის ქალაქ სტამბოლში ცხოვრობს. ის კვირაში რამდენჯერმე ავტობუსით 2 საათს მგზავრობს სახლიდან “ქართული კულტურის სახლამდე”, რათა ქართული ენის გაკვეთილებს დაესწროს. ისაა უხუცესი იმ სტუდენტთა შორის, რომელთაც მწერალი ირაკლი კაკაბაძე ქართულს ასწავლის.

ქართველი მწერალი სტამბოლში საცხოვრებლად 5 წლის წინ გადავიდა. მანამდე, საქართველოში  სკოლის პედაგოგი და დირექტორი იყო, ასევე საქმიანობდა განათლების სამინისტროში. ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციისგან, “ქართული კულტურის სახლისაგან”  შეთავაზება თურქეთში ჩასვლიდან მალევე მიიღო. სწორედ ამ დროს შეიკრა პირველი ჯგუფი. ენის შესწავლით მაშინვე არაერთი ადამიანი დაინტერესდა.

ნიზამი - ირაკლი კაკაბაძის უხუცესი სტუდენტი. ფოტო: ირაკლი კაკაბაძე

“აქ ადრე ასწავლიდა ჩვენი გამოჩენილი მთარგმნელი და მწერალი, ბატონი ფარნა(ბექა) ჭილაშვილი. მერე უდროობისა თუ სხვა მიზეზების გამო გაკვეთილები აღარ ტარდებოდა და რომ ჩამოვედი, შემომთავაზეს, ბატონი ფარნას საქმე გამეგრძელებინა.

პირველი ჯგუფი აქ გავხსენით. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა, ორი ჯგუფი გვყავდა. იქიდან ძალიან ბევრი დღემდე შემოგვრჩა და უკვე სერიოზულად სწავლობენ ენას. რამდენიმემ სახელმწიფო გამოცდაც ჩააბარა, ზოგმა მთარგმნელის სერტიფიკატი მოიპოვა, ზოგმა სხვა საქმიანობაში გამოიყენა ქართული. ყოველწლიურად ახალი ჯგუფები გვყავს”, – ყვება ირაკლი კაკაბაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

ქართული ენისადმი ინტერესის ზრდასთან ერთად, ირაკლი კაკაბაძის საქმიანობის არეალი გაფართოვდა: მიმდინარე წელს ენის კურსები  კიდევ ერთმა ქართულმა კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციამ, “მაჭახელის ფონდმა” გახსნა. ჯგუფში 30 სტუდენტი ირიცხება, თუმცა კურსს მხოლოდ ისინი არ ისმენენ:

“ამ ფონდში გავხსენით წელს ენის კურსები, სადაც ქართული ენით დაინტერესებული რეკორდულად ბევრი სტუდენტი მოვიდა. აქედან ძალიან ბევრი არის ისეთი, რომელთაც მოჰყავთ თავისი შვილები, დები, ძმები, ბებიები, ბაბუები და თავისუფალი მსმენელიც ძალიან ბევრი გვყავს. შეიძლება ითქვას, რომ 3 თვის განმავლობაში პირველი საფეხური – ანბანი, წერა-კითხვა და საკომუნიკაციო ენა დავძლიეთ და ახლა მეორე ეტაპზე გადავდივართ”,  – ამბობს პედაგოგი.

ირაკლი კაკაბაძე

ირაკლი კაკაბაძის თქმით, ენის შესწავლის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა თაობის სტუდენტებს ინტერესი საქართველოს ისტორიის მიმართაც გაუჩნდათ. ამის გამო “მაჭახელის ფონდი” მალე ისტორიის კურსსაც გახსნის.

ქართული ენის შემსწავლელთა ჯგუფებში ეთნიკური სურათი მრავალფეროვანია: ქართულს ეუფლებიან როგორც თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები, ისე ეთნიკური თურქები, ქურთები და სხვები.

ირაკლი კაკაბაძე სასწავლო პროცესში სხვადასხვა სახელმძღვანელოს იყენებს, რომელთაც თვითონ არჩევს. მათ შორის დომინირებს წიგნები, რომლებიც ქართულის, როგორც უცხო ენის შესწავლაზეა ორიენტირებული, თუმცა სტუდენტებმა იაკობ გოგებაშვილის  “დედაენის” ისტორია და შინაარსიც იციან. პედაგოგის თქმით, ცოტა ხნის წინ საქართველოს გენერალურმა კონსულმა სტუდენტებს ახალი სახელმძღვანელოებიც გადასცა, რომელთა გამოყენებაც ასევე იგეგმება სასწავლო პროცესში.

სტუდენტები "მაჭახელის ცენტრში", ქართული ენის გამოცდაზე. ფოტო: ირაკლი კაკაბაძე

“სამწუხაროა ის, რომ ძალიან ბევრი სახელმძღვანელო არსებობს ქართულისა, როგორც უცხო ენისა, თუმცა ვერ დავასახელებ ერთ სახელმძღვანელოს, რომელზეც ვიტყვი, რომ ძალიან მომწონს.

…კურსებს “დედაენის კურსები” ჰქვია სიმბოლურად, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ მათთვის ეს არ არის მშობლიური ენა. ყველაფერს ვიწყებთ თავიდან, პირველი კლასის მასალიდან. მე თვითონ ჩამომიყალიბდა წლების მანძილზე ეს მეთოდოლოგია და სხვადასხვა სახელმძღვანელოებს ვიყენებთ.

ადრე, სანამ სტამბოლში გადმოვიდოდი საცხოვრებლად, ვმუშაობდი განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში. იქ მიღებულ გამოცდილებას დღესაც ვიყენებ”, – ამბობს ირაკლი კაკაბაძე.

ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის სტამბოლში, ქართული კულტურის სახლის ბაზაზე ასევე ფუნქციონირებს კაფე “გალაკტიონი”, სადაც პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა. 17 მარტს სწორად აქ გაიმართება “მაჭახელის ფონდის” სტუდენტებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია, რომლებმაც, ირაკლი კაკაბაძის თქმით, პირველი საფეხური წარმატებით დაძლიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი