ახალი ამბები

ადმინისტრაცია: გაეროს კლიმატის სამიტში მონაწილეობაზე პრეზიდენტის პოზიცია არ შეცვლილა

8 სექტემბერი, 2014 • • 1060
ადმინისტრაცია: გაეროს კლიმატის სამიტში მონაწილეობაზე პრეზიდენტის პოზიცია არ შეცვლილა

გაეროს კლიმატის სამიტი ნიუ იორკში ამა წლის 23 სექტემბერს გაიმართება.  მთავრობა თვლის, რომ სამიტს პრემიერი უნდა დაესწროს, რადგან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნის დელეგაციას ის წარმოადგენს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა გენერალური მდივნისაგან მიწევევა მიიღო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ კლიმატის სამიტზე. საგარეო საქმეთა მინისტრ  მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ნიუ იორკში ორი დელეგაციის გამგზავრება უხერხულია, ამიტომ ამ ღონისძიებასაც პრემიერი უნდა დაესწროს.

 

დღეს, 8 სექტემბერს ამ საკითხზე მიმდინარე დისკუსია გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. გია ვოლსკიმ და ვიკა დოლიძემ მთავრობის პოზიცია გაიზიარეს, ხოლო თედო ჯაფარიძის აზრით, მხარეებმა შეთანხმება მოლაპარაკებების შედეგად უნდა შეძლონ.

 

ნეტგაზეთი დაინტერესდა, ხომ არ შეცვალა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება და კითხვით პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ პოზიცია არ შეცვლილა. პარასკევს ნატოს სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მარგველაშვილმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში გამგზავრებაში უხერხულობას ვერ ხედავს და გაეროში დაგეგმილი ვიზიტი შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი