ახალი ამბები

პლურალიზმის შემცირება, იბერია და საზმაუ – მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

14 მარტი, 2019 • 1206
პლურალიზმის შემცირება, იბერია და საზმაუ – მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში ტელეკომპანია “იბერიის” მიერ მაუწყებლობის შეჩერებამ, რომლის მფლობელიც ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებდა და სამი ტელევიზიის გაერთიანებამ (მაესტრო, GDS, იმედი) შეამცირა მედიაპლურალიზმი საქართველოში.

ანგარიშის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად აკრიტიკებდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის ახლო ურთიერთობას მმართველ პარტიასთან. სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ მედიამონიტორინგმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, ხელისუფლებისადმი არხის სარედაქციო მიკერძოების საკითხიც დააფიქსირა.

დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოხვდა ის კანონი, რომლითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება მიეცა, კომერციული რეკლამის დროის გაზრდის ხარჯზე მიეღო დამატებითი შემოსავალი. ანაგარიშში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს უჭერდა GNCC იმ დროს, როცა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო ტელეკომპანიები მას აკრიტიკებდნენ.

“ამის შემდეგ GNCC-მ პირველი კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავლები გაზრიდილი, ხოლო რეგიონული მაუწყებლების შემოსავლები შემცირებული იყო”, – ნათქვამია დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს “ქართული ოცნების” მიერ არჩეული წევრები ხშირად აკრიტიკებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

“განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია 2017 წლის ივლისში 24 NGO-ს მიერ უცხოელი მაღალი თანამდებობის პირებისთვის გაგზავნილი წერილი, რომელიც “მედიის გაუარესებულ მდგომარეობას ეხებოდა”. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა სტატიების მთელი სერია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისკენ იყო მიმართული.

ზოგიერთი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოხატავდა შეშფოთებას მედიაში პოლიტიკური გავლენების შესახებ, განსაკუთრებით იმ მედიებთან მიმართებით, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულად არ იყო განწყობილი”, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოხვდა რუსთავი 2-ც. ანგარიშის თანახმად, ყველაზე ყურებადი ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალება ფინანსურ სირთულეებს განიცდის, რადგან მის აქტივებს ყადაღა ადევს. ანგარიშში ასევე საუბარია ე.წ “ქართული მარშის” წევრების მიერ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი