ახალი ამბები

ფილარმონიის მმართველი კომპანიის გაფრთხილება მოხდა – ქონების მართვის სააგენტო

13 მარტი, 2019 • 1535
ფილარმონიის მმართველი კომპანიის გაფრთხილება მოხდა – ქონების მართვის სააგენტო

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფილარმონიის მმართველი კომპანიის მიერ წარდგენილი იმ მიზეზებს შეფასების პროცესი მიმდინარეობს, რის გამოც კომპანია სახელმწიფოს მიმართ არსებულ დავალიანებას ვერ იხდის.

მათივე ცნობით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი სააგენტოს სააბოლოო გადაწყვეტილება შ.პ.ს “ინტერნეიშენალ ივენთსის“ მიმართ.

ამ ეტაპზე სააგენტოში მიმდინარეობს შპს “ინტერნეიშენალ ივენთსის“  მიერ სააგენტოში წერილობით წარმოდგენილი  იმ მიზეზების ობიექტურობის შეფასების პროცესი, რის გამოც  კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, რის შემდგომაც სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,”-აცხადებენ სააგენტოში. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოითხოვს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს მართვაში დაუბრუნდეს. ორგანიზაცია ამის მიზეზად მმართველი კომპანიის მიერ სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.

საია-ში აცხადებენ, რომ 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, შპს  ინტერნეიშენალ ივენთს  სახელმწიფოს მიმართ, მართვის საზღაურის და პირგასამტეხლოს სახით, 3 115 146 ლარის და 177 102 აშშ დოლარის დავალიანება ერიცხება. დავალიანების შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

საია-ს ინფორმაციით, 2019 წლის 4 იანვარს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ და აცნობა, რომ სააგენტო იყენებდა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების „6.2.“ პუნქტს და კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტდა. ორგანიზაციის შეფასებით, იურიდიულად შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“  ხელშეკრულება 2019 წლის 4 იანვრიდან არის შეწყვეტილი.

ქონების ეროვნულ სააგენტოში საია-ს ამ შეფასებას არ ეთანხმებიან და განმარტავენ, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულებად შეწყვეტილად.

“სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 04.01.2019 წლის N4/527 წერილით მოხდა შპს „ინტერნეიშენალ ივენთსის“ ინფორმირება-გაფრთხილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ შორის, შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე, 2007 წლის 27 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების  შეწყვეტის უფლების გამოყენების თაობაზე.

რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას, აღნიშნულის თაობაზე სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს,”-წერია უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი