“ჩვენ ერთად ვიყავით ნატოს სამიტზე, სადაც ნატომ ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილებები და საქართველო გახდა კიდევ ერთი ახალი, ყველაზე უფრო თავსებადი ლიგაში.  ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის სამხედრო აგრესიასა და მიმდინარე პროცესებზე, თუ რამხელა საფრთხეს უქმნის რუსეთის ეს ქმედებები ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას, ევროპულ უსაფრთხოებას და ჩვენს – უშუალოდ საქართველოს უსაფრთხოებას და შევთანხმდით, რომ ერთობლივად, კოორდინაციაში ვიმოქმედებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს აღმოვუჩინოთ ყველა დახმარება, რაც მათ სჭირდებათ”,- განაცხადა ალასანიამ. 

 

მისივე თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერაყში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც საქართველო სრულად უჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოალიციის გადაწყვეტილებას – დაიწყოს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ერაყში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის:

 

“მინდა გითხრათ, რომ ყველა აღვიქვამთ იქ მიმდინარე მოვლენებს, როგორც საფრთხეს საკუთარი ქვეყნის მიმართ და ეს ბოროტება უნდა იქნას აღმოფხვრილი. ამაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს და, რა თქმა უნდა, ერაყელ ხალხს ექნება ჩვენი თანადგომის იმედი.  ასევე, ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე და ის გაძლიერებული შესაძლებლობების პაკეტი, რომელიც ნატომ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობით, იქნება განხორციელებული უახლოეს პერიოდში”,- განაცხადა ალასანიამ.

 

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. ჩაკ ჰეგელმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ჩაკ ჰეიგელი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბერს დასრულდება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *