ახალი ამბები

იუსტიციის საბჭო კირკიტაძის მოსამართლეზე მელიას განცხადებას ზეწოლის მცდელობად აფასებს

13 მარტი, 2019 • 928
იუსტიციის საბჭო კირკიტაძის მოსამართლეზე მელიას განცხადებას ზეწოლის მცდელობად აფასებს

იუსტიციის უმარლესი საბჭო დეპუტატ ნიკა მელიას ბრალდებებს პასუხობს. საბჭოში აცხადებენ, რომ მელიამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს წლების წინ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ პირი ცოცხალი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლა:

“მსგავსი შინაარსის საქმეზე ნუნუ ნემსიწვერიძეს განაჩენი არ დაუდგენია. შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ ნებისმიერი მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, საქმის განხილვისას ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. შესაბამისად, მიუღებელია მოსამართლის გადაწყვეტილების დაკავშირება პოლიტიკურ მოტივებთან მხოლოდ იმიტომ, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არგუმენტებს არ დაეთანხმა პროცესის მონაწილე მხარე”, – აცხადებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცალკეულ პოლიტიკოსებს დავით კირკიტაძის საქმის პროცესზე ვითარების სამართლებრივი ჩარჩოდან გამოყვანის მცდლობა ჰქონდათ:

“სასამართლო სხდომაზე ცალკეული პოლიტიკოსები მოსამართლის მისამართით არაეთიკურ გამონათქვამებს არ მოერიდნენ და მცდელობა ჰქონდათ, ვითარება სამართლებრივი ჩარჩოდან გასულიყო. მოსამართლის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, აბსურდულ ბრალდებებსა და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.

დაუშვებელია სასამართლო სისტემასა და მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა მათზე მუქარით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით და შეურაცხმყოფელი, არაეთიკური გამონათქვამებით, რაც მიზნად ისახავს სასამართლო კორპუსის დისკრედიტაციის მცდელობით მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას”, – წერია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 11 მარტს ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ პირი ცოცხალი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლა:

“ეს არის ქალბატონი, რომელმაც წლების წინ მკვლელობაზე გაასამართლა ადამიანი, გაუშვა ციხეში და მერე, 6 თვის შემდეგ, მოკლული ცოცხალი აღმოჩნდა. ეს არის ქალბატონი ნუნუ ნემსიწვერიძე.

ის დათხოვნილი იქნა სასამართლო სისტემიდან და „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა. მან დააპატიმრა დათო კირკიტაძე და გასულ თვეს, 15 თებერვალს მურუსიძე-ჩინჩალაძემ ეს ქალბატონი, ოდიოზური ქალბატონი, სასამართლო სისტემაში ქალბატონი ნემსიწვერიძე განაწესეს უვადოდ,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი