ნეტგაზეთი | რა თანხა დაიხარჯა რეალურად მედიკამენტების პროგრამაზე – სამინისტროს განმარტება რა თანხა დაიხარჯა რეალურად მედიკამენტების პროგრამაზე – სამინისტროს განმარტება – Netgazeti
RU | GE  

რა თანხა დაიხარჯა რეალურად მედიკამენტების პროგრამაზე – სამინისტროს განმარტება

დღეს, 13 მარტს, “ევრoპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ქრონიკული მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 10 მილიონი ლარიდან 8 მილიონი საერთოდ აუთვისებელი დატოვა. ამ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი, ეკა ადამია ეხმაურება და ყველაფერს გაუგებრობად აფასებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ინფორმაციას სამინსიტროს ხარჯების შესახებ ყოველთვიურად თავად ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვს, შემდეგ კი აჯამებს. ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ ეს მონაცემები არასწორია და სინამდვილეში, სამინისტრომ აღნიშნულ პროგრამაზე 8 მილიონამდე დახარჯა, ხოლო 2 მლნ-მდე ტენდერის ეკონომიის სახით გამოიზოგა.

“2018 წელს ქრონიკული მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში სამინისტრომ დაახლოებით 40 დასახელების სხვადასხვა ოდენობის მედიკამენტი შეიძინა. ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ამასთან, პროგრამის ფარგლებში დაფიქსირდა სატენდერო ეკონომია 2 მილიონამდე , ასე რომ, ვერანაირად დავეთანხმებთ ამ მოსაზრებას. ალბათ, რაიმე გაუგებრობაა “, – ამბობს ეკა ადამია.

ეკა ადამია ასევე დასძენს, რომ 2018 წელს 30 ათასამდე პირმა ისარგებლა ამ პროგრამით, თავად პროგრამა კი გაფართოვდა და მასში არაერთი მიმართულება დაემატა.

“თავდაპირველად, პროგრამა 4 მიმართულებით მიმდინარეობდა – ეს იყო გულსისხლძარღვთა, დიაბეტი, ფილტვის დაავადებები და ფარისებრჯი ჯირკვლის დაავადებები. 2018 მოცულობა გაფართოვდა და მას დაემატა ნევროლოგიის მიმართულება, როგორიცაა პარკინსონისა და ეპილეფსიის მედიკამენტები. ამდენად, 2018 წლის სექტემბრიდან გაფართოვდა ბენეფიციართა წრეც.

ამასთანავე, თუ 2017 წელს პროგრამა მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე იყო ორიენტირებული, ახლა მასში პენსიონერები, შშმ ბავშვები, შშმ პირები, პარკინსონისა და ეპილეფსიის მქონე პირებიც არიან ჩართულნი”, – ამბობს ეკა ადამია.

რაც შეეხება მედიკამენტების ჩამონათვალს, ეკა ადამია დასძენს, რომ ის მინისტრის შიდა ბრძანებით რეგულირდება და პერიოდულად ფართოვდება. ამჟამად მასში 40-მდე დასახელების მედიკამენტია, რომელსაც სოციალურად დაუცველი პირები მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად იღებენ, ხოლო შშმ, პარკინსონისა და ეპილეფსიის მქონე პირებისთვისა და პენსიონერებისთვის მედიკამენტებზე 50%-იანი ფასდაკლებაა განსაზღვრული.

ეკა ადამიას თქმით, მედიკამენტის მიღება ფორმა 100-ის საფუძველზე შეიძლება. პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, რომელიც დააფიქსირებს დაავადებას, შემდეგ კი პაციენტი ერთჯერადად რეგისტრირდება სოციალური მომსახურების სააგენტოში. ინფორმაცია ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ, ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ოპოზიციის არგუმენტები

სამინისტროსგან განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, მედიკამენტების შეძენის სახელმწიფო პროგრამა ცუდი მენეჯმენტის გამო “სავალალო მდგომარეობაშია”. ჭიაბერაშვილი სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ამბობს, რომ პროგრამაზე გამოყოფილი 10 მილიონიდან 8 აუთვისებელი დარჩა.

“სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, ქაღალდზე დარჩა. სარგებელს ასითასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი პროგრამაში 2018 წელს მხოლოდ 22 000 ადამიანი ჩართო,” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფიგნზე აღნიშნა, პროგრამის ამოქმედებისას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ მასში 200 000 მოქალაქე ჩაერთვებოდა. დეპუტატის ცნობით, 2018 წელს პროგრამით მხოლოდ 22 000-მა ადამიანმა ისარგებლა, 2017 წელს კი – 13 000-მა.

“ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენაზე ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წელს სულ 1.7 მლნ ლარი დახარჯა და პროგრამის 10 მლნ ლარის ბიუჯეტიდან 8 მლნ ლარამდე აუთვისებელი დარჩა. არადა, რამდენი ადამიანის დახმარება შეიძლებოდა ამ თანხით, რომ არა სამინისტროს გაუმართავი მენეჯმენტი”, – განმარტავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ვრცლად:

მედიკამენტების პროგრამის 10 მლნ-დან 8 აუთვისებელია – ზურაბ ჭიაბერაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან