ახალი ამბები

მედიკამენტების პროგრამის 10 მლნ-დან 8 აუთვისებელია – ზურაბ ჭიაბერაშვილი

13 მარტი, 2019 • 1403
მედიკამენტების პროგრამის 10 მლნ-დან 8 აუთვისებელია – ზურაბ ჭიაბერაშვილი

“ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მედიკამენტების შეძენის სახელმწიფო პროგრამა ცუდი მენეჯმენტის გამო “სავალალო მდგომარეობაშია”. ჭიაბერაშვილი სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ამბობს, რომ პროგრამაზე გამოყოფილი 10-მლნ-დან 8 აუთვისებელი დარჩა.

“სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, ქაღალდზე დარჩა. სარგებელს ასითასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი პროგრამაში 2018 წელს მხოლოდ 22,000 ადამიანი ჩართო,” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს გამართულ ბრიფიგნზე დასძენს, რომ პროგრამის ამოქმედებისას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თქვა, რომ მასში 200 000 მოქალაქე ჩაერთვებოდა, თუმცა, დეპუტატის თქმით, 2018 წელს პროგრამით ისარგებლა მხოლოდ 22 000-მა ადამიანმა, 2017 წელს კი – 13 000-მა.

“ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენაზე ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წელს სულ 1.7 მლნ ლარი დახარჯა და პროგრამის 10 მლნ ლარის ბიუჯეტიდან 8 მლნ ლარამდე აუთვისებელი დარჩა. არადა, რამდენი ადამიანის დახმარება შეიძლებოდა ამ თანხით, რომ არა სამინისტროს გაუმართავი მენეჯმენტი,” – განმარტავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, საჭიროა არა ასეთი ცალკე პროგრამა, არამედ ჯანდაცვის პაკეტებში მედიკამენტის კომპონენტის დამატება.

“უკიდურესად გაჭირვებული ათიათასობით ადამიანისათვის გაძვირებულ მედიკამენტებებზე ხელმისაწვდომობა ვერ გაიზრდება, თუ მათთვის განკუთვნილ ჯანდაცვის პაკეტებში წამლის კომპონენტი არ შევა. მაგრამ აქ რომ ყაირათიანი ხარჯვა და სწორი ადმინისტრირება მოხდეს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა ჯანდაცვის სამინისტროდან სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს,” – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე ასევე ისაუბრა მედიკამენტების გაძვირებაზეც. მისი თქმით, 2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი დანახარჯი დაუდგათ. დეპუტატის განმარტებით, ეს ოჯახები ამას უკავშირებენ მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას.

ჭიაბერაშვილი დასძენს, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს იყო ცნობილი ჯანდაცვის სამინისტროსათვის, რომ ყოველ მოქალაქეს საშუალოდ ჯანდაცვაზე გადახდილი თანხიდან 57%-ის გაღება საკუთარი ჯიბიდან უწევს. ჯიბიდან გადახდების 2/3-ს კი მედიკამენტებზე დახარჯული თანხები შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი