ახალი ამბები

კობახიძე NGO-ების ნაწილს “ოპონგოებად” მოიხსენიებს

12 მარტი, 2019 • 3480
კობახიძე NGO-ების ნაწილს “ოპონგოებად” მოიხსენიებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში “ოპონგოები”, ანუ, მისი განმარტებით, ოპოზიციასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რ2-ის ეთერში ისაუბრა ამავე ტელევიზიის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტექსტში.

“იყო პოლიტიკური შტურმი, [სტრასბურგში] გაიგზავნა არაერთი წერილი, იქ ეწერა 20 პარტია და სტრასბურგს რომ მისდის წერილი 20 პარტიის სახელით, ფიქრობს, რომ ალბათ მართლა არის ასეთი 20 პარტია, მით უმეტეს, რომ თავში ხან პრეზიდენტი აწერს ამას ხელს…

წარმოიდგინეთ, ფორმალურად რომ შევხედოთ ამ ყველაფერს: ის ხომ არ უყურებს, რომ პრეზიდენტი ოპოზიციაშია, ამ 20 პარტიიდან 15-ზე მეტი ფიქტიურია, ენჯეოები, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან არიან დაკავშირებულები და ა.შ. ეს ხომ არ იცის სტრასბურგმა”, – განაცხადა კობახიძემ. როგორც ცნობილია, სტრასბურგმა შეაჩერა საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი მანამ, სანამ თვითონ არ გამოიტანს განაჩენს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რატომ აცხადებს ის უაპელაციოდ არასამთავრობოებს ოპოზიციასთან დაკავშირებულებად, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.

“არის ასეთი ტერმინი გონგო (GONNGO), რაც ნიშნავს სამთავარობო არასამთავრობო ორგანიზაციას Governmental NGO. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება არსებობდეს მთავარობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია. არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე პირდაპირ იყო დაკავშირებული წინა ხელისუფლებასთან და მას შემდეგ, რაც მათ არჩევნები წააგეს, ეს გონგოები გახდნენ ოპონგოები, ანუ ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციები’, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავარობას დღეს თავისი გონგოები არ ჰყავს. რაც შეეხება ნანა კაკაბაძეს, რომლის ორგანიზაციაც არჩევნებსაც აკვირდებოდა და მეორე ტურში აქტიურად გამოდიოდა ოპოზიციური კანდიდატის წინააღმდეგ, კობახიძე ამბობს, რომ ამ ადამიანს “ქართულ ოცნებასთან” შეხება არ აქვს.

“მან სამოქალაქო პოზიცია გამოხატა”, – თქვა კობახიძემ.

მან არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს “ოპონგოებში”, თუმცა თქვა, რომ ამაზე განცხადებები გაკეთებული აქვს. მას შემდეგ, რაც მას წამყვანმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოუთვალა: TI, საია, ISFED, კობახიძემ არც დაადასტურა და არც უარყო, გულისხმობდა თუ არა მათ და განაცხადა, რომ მათ ჩატარებული აქვთ კვლევა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო საკითხებში ცესკოს ISFED-ზე მეტი ადამიანი ენდობა. კობახიძემ კვლევასთან დაკავშირებით მეტი დეტალი არ დააკონკრეტა და, შესაბამისად, უცნობია, იყო თუ არა ეს ზურაბ ბიგვავავას ფსიქოპროექტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა. “გადაამოწმეთ”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამავე თემაზე

ვინ ვინ არის დამკვირვებლებიდან – არჩევნები 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი