ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კინოექსპრესი „სომხეთი-საქართველო“

5 სექტემბერი, 2014 • • 1065
კინოექსპრესი „სომხეთი-საქართველო“

ამჯერად ფესტივალი სომხეთში, კერძოდ, გიუმრსა და ამასიაში იმართება, ხოლო შემდეგ, ორგანიზატორების განმარტებით, საქართველოში გადაინაცვლებს.


ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე და ბორჯომი „კინოექსპრესს“ 8-11 სექტემბერს უმასპინძლებენ. ოქტომბრის თვეში „კინოექსპრესი“ ისევ სომხეთში გაიმართება, კერძოდ, ვანაძორსა და ალავერდში. პროექტი საბოლოოდ დაიხურება და შედეგები შეჯამდება დეკემბერში თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალზე.

 

პროექტი გულისხმობს ექვსი უახლესი სომხური და ქართული ფილმის ჩვენებას სამცხე-ჯავახეთში და ჩრდილოეთ სომხეთში, შირაქისა და ლორის რეგიონებში.

 

სეანსების შემდეგ მაყურებელი შეხვდება შემოქმედებითი ჯგუფების წევრებს და კინომცოდნეებს.  ქართული კინოპროგრამა მოიცავს სამ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, ესენია: „გაიღიმეთ!“, „მანდარინები“ და „პატარძლები“. 

 

პროექტის მიზანია, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, კინოხელოვნება გამოყენებულ იქნეს, როგორც ეფექტური და მძლავრი საშუალება ინტერკულტურული დიალოგისთვის, კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცებისა და ორი ქვეყნის დაახლოებისთვის.

 

“ამ პროექტის მეშვეობით მაღალი ხარისხის კულტურული პროდუქცია მიეწოდება რეგიონის მოსახლეობას, რომელიც მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო აქტიურად არ არის ჩართული ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით პროექტი სოციალურ თანასწორობასაც შეუწყობს ხელს და შეეცდება, ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილოს სოციალურ-კულტურული ინტეგრაციასა და ინტერკულტურულ დიალოგზე არსებული მოთხოვნილება საზღვრისპირა რეგიონებში. “

 

„კინოექსპრესის“ პრეზენტაცია შედგა ივლისში ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

 

პროექტს ახორციელებენ კინოს განვითარების ფონდი „ოქროს გარგარი“ (სომხეთი) და კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ (საქართველო). მას სამი ძირითადი პარტნიორი და თანადამფინანსებელი ჰყავს: ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სომხეთის კულტურის სამინისტრო. ადგილებზე პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფენ შესაბამისი მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურები. საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენებული იქნება კინოტექნიკა, რომლითაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ აღჭურვა. 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი