ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“გიორგი ასანიძე ნაპოვნი იქნა სამხედრო ნაწილის მორიგის მიერ. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული, რის შემდეგაც წვევამდელი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ 3 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია და საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე.
სამინისტრო აცხადებს, რომ საქმეში სამხედრო დანაშაული არ იკვეთება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველო მთავარი პროკურატურის უშუალო ზედამხედველობით აწარმოებს.
1994 წელს დაბადებული გიორგი ასანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა.
თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სრულად დაფარავს წვევამდელის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
