ახალი ამბები

საქართველო არაა მზად, ერთობის წინააღმდეგ წავიდეს – მოსკოვის საპატრიარქოს სპიკერი

9 მარტი, 2019 • 1583
საქართველო არაა მზად, ერთობის წინააღმდეგ წავიდეს – მოსკოვის საპატრიარქოს სპიკერი

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსპიკერი, დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქოში ვიზიტისას არ უგრძვნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მზადაა, “მართლმადიდებლური ერთობის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას”;

ამასთან, დანილევიჩმა, სინოდის წევრებისგან მიღებული ინფორმაციით, “დასავლეთს” დაუკავშირა ის თეოლოგები, რომლებმაც უკრაინის ახლადშექმნილი, ერთიანი ეკლესიის წინამძღოლ ეპიფანეს აღსაყდრება მიულოცეს; იმ მიტროპოლიტებზე, ვინც უკრაინას ავტოკეფალია მიულოცა, განაცხადა, რომ მათ “არ ესმით აქაური სიტუაცია”.

ამ დრომდე საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურად არ დაუფიქსირებია ერთიანი პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. როგორც დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი ამბობს, საქართველოში ვიზიტისას უკრაინის ეკლესიის დელეგაციამ ვერ შეამჩნია “უკრაინის ახალი საეკლესიო სტრუქტურის აღიარების მზაობა”. დანილევიჩი იმყოფებოდა იმ დელეგაციაში, რომელიც თებერვალში მიიღო პატრიარქმა ილია II-მ.

“წინ არ გავუსწრებ მათ გადაწყვეტილებებს, თუმცა საქართველოს ეკლესიის იერარქებთან და პატრიარქთან ურთიერთობისას არ გვიგრძვნია, რომ ისინი მზად არიან, გადადგან ნაბიჯი, რომელიც მართლმადიდებლური ერთობის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული, ან დააზიანებდა ჩვენს კანონიკურ უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას”, – განაცხადა დანილევიჩმა.

დანილევიჩმა თქვა, რომ გორის მიტროპოლიტი ანდრიას [გვაზავას] და კიდევ რამდენიმე იერარქის გამოსვლა ახსოვს ამ თემაზე, რომლებმაც “დაიცვეს ჩვენი [მოსკოვს დაქვემდებარებული] ეკლესიის კანონიკურობა და მხარი დაუჭირეს ჩვენს ეკლესიას”.

მისი თქმით, იმ ეპისკოპოსებს, რომლებმაც უკრაინის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიულოცეს, “უბრალოდ არ ესმით აქაური სიტუაცია” და მათი რიცხვი, სინოდის 47 წევრიდან, მხოლოდ 7-ია.

დანილევიჩმა Перший Козацький-ს ეთერში განაცხადა, რომ საქართველოდან გაგზავნილი მხარდაჭერის წერილი, რომლითაც უკრაინის ახლადშექმნილი, ერთიანი ეკლესიის წინამძღოლს, ეპიფანეს აღსაყდრებას ულოცავენ, არ წარმოადგენს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერას და წერილის ავტორები “დასავლეთში სწავლობენ”.

“თუკი გახსოვთ, ეპიფანეს ინტრონიზაციისას 30-მა ქართველმა თეოლოგმა გაგზავნა წერილი, რომელშიც მიულოცეს ეპიფანეს ინტრონიზაცია… ამ თეოლოგების სია ვაჩვენე ქართული ეკლესიის სინოდს. მითხრეს, რომ ამ ადამიანების ნახევარს რთულია, თეოლოგი უწოდო. ეს ერთი. მეორეც, ყველა ეს ადამიანი მწვავედ აკრიტიკებს ქართულ ეკლესიას, ანუ ეს არის ოპოზიცია მრევლსა და თეოლოგებში, რომლებიც, ძირითადად, დასავლეთში სწავლობენ და აკრიტიკებენ თავად ქართულ ეკლესიას. ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, ან ლიბერალური პარტია, რომელიც ბევრ ეკლესიაში არსებობს… იმის თქმა მსურს, რომ ეს წერილი არ გამოხატავს [ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერას]”, — განაცხადა დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა.

ნახეთ ასევე:

ილია II-მ მოსკოვზე დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლები მიიღო

მილოცვა ეპიფანეს და საპროტესტო მიმართვა ალფეევს – თეოლოგების წერილები საქართველოდან

ვინ არის მილიარდერი, ვინც მოსკოვზე დაქვემდებარებულ უკრაინელ იერარქს თბილისში ჩამოჰყვა

მასალების გადაბეჭდვის წესი