საქართველოს თეოლოგთა ნაწილი და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები უკრაინის ახლადშექმნილი, ერთიანი ეკლესიის წინამძღოლს, ეპიფანეს, მისალოც წერილს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს კი საპროტესტო მიმართვას უგზავნიან.
ალფეევისადმი გაგზავნილ მიმართვაში თეოლოგები მიტროპოლიტის განცხადებას გმობენ, რომლითაც ის იმ საფრთხეებზე მიანიშნებს, რაც მისი აზრით, საქართვლოს ეკლესიას შეიძლება, დაემუქროს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში. წერილის ხელმომწერნი მოუწოდებენ ალფეევს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეებში არ ჩაერიოს. წერილში ვკითხულობთ:
“ქართველ თეოლოგთა საპროტესტო წერილი მიტოპოლიტ ილარიონს (ალფეევი)
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,
გვინდა გამოვეხმაუროთ თქვენ ინტერვიუს (26.01.2019) სადაც თქვენ ირიბად და შეფარულად ემუქრებით და აშანტაჟებთ საქართველოს უწმინდეს, სამოციქულო ეკლესიას და მისი ეპისკოპატის გარკვეულ ნაწილს რუსული ეკლესიის გავლენის ქვეშ მყოფად მოიაზრებთ.
სამწუხაროდ, რუსული სახელმწიფოს მიერ ძირძველი ქართული ტერიტორიების ოკუპაციის კვალდაკვალ თქვენ და თქვენი ეკლესია ახორციელებთ საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის ეპარქიების სულიერ ექსპანსიას და ანექსიას. პირადად თქვენ კი განათლებული და კომპეტენური თეოლოგიდან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პიროვნებად იქეცით, რომლის სახელთან ყოველთვის გაიგივდება ძალაუფლების დაუცხრომელი სურვილი და ამ სურვილის მისაღწევად ყველა საშუალების გამოყენება.
თქვენს ამ სურვილზე ჯერ კიდევ როდის საუბრობდა ნეტარხსენებული მღვდელმთავარი სუროჟისა, ანტონი. თუმცა, თქვენი ეს წადილი – იბატონოთ სხვებზე, გარდა თქვენი პიროვნული ამბიციებისა, თვით პატრიარქ კირილის პერსონით იკვებება. აქედან გამომდინარე წმინდა დიონისე არეოპაგელი თქვენ ნამდვილად არ გგულისხმობდათ, როდესაც მრავალი საუკუნის წინ წერდა მღვდელმთავარი განღმრთობილ ადამიანს მოასწავებსო.
თქვენი საქართველოს ეკლესიასთან დამოკიდებულება შეურაცხყოფს ჩვენი გმირი პატრიარქების და საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენისათვის შეწირულ წმინდა კირონის და წმინდა ამბროსის მართალ სულებს.
თქვენი ეკლესიის ისტორიაში იმაზე ბევრი შავი ლაქაა, ვიდრე თქვენს მიერ კანონიზებული პერსონები, რომელთაგან უმრავლესობას ჩვენი ეკლესიაც პატივს მიაგებს.
თქვენი ისტორია ასევე ცხადყოფს უცილობელ ჭეშმარიტებას – რასაც თქვენი ეკლესიის მესვეურთა ხელი შეეხო ყველაფერმა მოკვდინება და ჭკნობა დაიწყო. მაგალითისთვის ჩვენი ეკლესიაც გამოდგება – თქვენი ეკლესიის ეგზარქოსები წყევლიდნენ ქართველ ერს და კლავდნენ ქართველ სასულიერო პირებს. ძარცვავდნენ და აჩანაგებდნენ ქართულ საგანძურს და ა.შ.
სულიერად რუსული, პოლიტიზებული ეკლესია თქვენი და თქვენნაირების ხელით სამწუხაროდ დღესაც იგივეს აგრძელებს და არამარტო საქართველოში – კანონიკის პრინციპების უხეში დარღვევით ცდილობთ მიითვისოთ მსოფლიო პატრიარქის ტიტული და ცდილობთ ამაში საქართველოს ეკლესიაც ჩაითრიოთ. ამისთვის კი მშვენივრად გამოიყენეთ კრეტის კრების და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი( ამასთან დაკავშირებით გვინდა გირჩიოთ: ,,ფარაონო, გაუშვი ჩემი ერი, ისრაელი“).
თუმცა, გარწმუნებთ, რომ საქართველოს ეკლესია აღარასდროს შეეგუება თქვენს მონობას და ყველა იმ გავლენასაც ამოძირკვავს, რომელიც, როგორც თქვენი ინტერვიუ ადასტურებს ქართველ იერარქებზე გაქვთ. ქართული ეკლესიის მრევლი ყველაფერს მიუტევებს(მათი სინანულის და სათანადო მოქმედების შემთხვევევაში) იმ ქართველ იერარქებს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ თქვენს მახეში გყავთ გაბმული და ამით საბოლოოდ დაკარგავთ ყველა ბერკეტს, რომლითაც მართავდით და მომავალშიც გინდათ მართოთ საქართველოს საპატრიარქო.
მოგიწოდებთ – შორს ხელები საქართველოს სამოციქულო ეკლესიისგან
პ.ს. წერილი გადეცემა თვენს მიერ საქართველოს ეკლესიაში ,,თვალად და ყურად” გამოგზავნილ დეკანოზ ვლადიმერ ალექსანდროვს”.
წერილს ხელს აწერენ თეოლოგები: ზვიად ცაბაძე, გიორგი ტიგინაშვილი, დავით ჩანადირი, გიორგი მიქიაშვილი, სანდრო ხაჯალია, ლადო წითლიძე, გიორგი გეგუჩაძე და ლაშა ჯიხვაშვილი.
მეორე წერილი, რომელსაც თეოლოგთა უფრო ფართო წრე, ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები აწერენ ხელს, უკრაინის ახლადშექმნილი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს – ეპიფანეს მიემართება. ხელმომწერნი მას აღსაყრდებას ულოცავენ, უკრაინის და საქართველოს ეკლესიების ისტორიას იხსენებენ და იმედოვნებენ, რომ ქართული მხარე ახლადშექმნილ ეკლესიასთან ევქარისტულ ერთობაში შევა. წერილში ვკითხულობთ:
საზოგადოების წარმომადგენელთა მილოცვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახლად გამორჩეულ მიტროპოლიტს, უნეტარესს ეპიფანეს (დუმენკო)
“აჰა, ესერა, რაჲმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათა ერთად?” (ფსალმ. 132,1).
თქვენო უნეტარესობავ, კიევისა და სრულიად უკრაინის ღვთივდაცული ეკლესიის მიტროპოლიტად არჩეულო ეპიფიანე,
დღეს, თქვენთან ერთად, თქვენდამი ქრისტესმიერ მეგობრული, ძმური თუ შვილობრივი სიყვარულით აღვსილნი, ვადიდებთ და ვმადლობთ ყოვლადწმინდა სამებას და გულითადად ვდღესასწაულობთ უკრაინის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიასა და დამაშვრალი უკრაინელი მრევლის – “რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა”(ფსალმ. 134,2), ჩვენი ძმებისა და დების მიერ ნანატრ სულიერ და ადმინისტრაციულ თავისუფლებას!საწყისშივე გვსურს აღვნიშნოთ, რომ სულიერი მართლმკვეთელობა და ზნეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს ვიყოთ აბსოლუტურად გულწრფელნი და ობიექტურნი და უყურადღებოდ არ დავტოვოთ მართლმადიდებლურ სამყაროში დაბადებული პოზიტიური ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ძმათა არნახულ ბედნიერებასთან.
სულიწმინდის მადლითა და თქვენი დაუცხრომელი მეცადინეობით, აღსრულდა და დამტკიცდა საღვთო სამართალი თქვენს ღვთივკურთხეულ მიწაზე, იქ სადაც ჯერ კიდევ ანდრია მოციქულმა, ჩვენმა საერთო განმანათლებელმა და მომაქცევარმა იქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელიც კიევის-რუსის დროს 988 წელს თავადმა ვლადიმერმა განამტკიცა.
რომ არა ჟამთა სიავე და ისტორიული ქარტეხილები, ალბათ არ მოხდებოდა კონსტანტინეპოლის შვილობილი კიევის მიტროპოლიის 1686 წლის იძულებითი შეთანხმება მოსკოვის საპატრიარქოსთან, რომელიც თავის მხრივ დროებითი აქტი იყო და არა სამარადჟამო, რაც იმდროის ოფიციალურ დოკუმენტებშიც ხაზგასმით აღინიშნა. ახლა კი, როცა 333-მა წელმა განვლო, სუვერენულ ერსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოში მომწიფდა თვითგამორკვევის პროცესი, რისი ლოგიკური დაგვირგვინებაც აუცილებლად უნდა გამხდარიყო კიევისა და სრულიად უკრაინის დატყვევებული ეკლესიის გათავისუფლება, რაც სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიო საპატრიარქოს გულმოწყალებით (ტომოსის გადმოცემით) იზეიმეთ კიდეც.
ცალკე აღნიშვის ღირსია მისი უნეტარესობის – საპატიო პატრიარქ ფილარეტის (დენისენკო) განსაკუთრებული ღვაწლი და დაუღალავი ბრძოლა თქვენი ხალხის გათავისუფლების საქმეში, რომელსაც უდიდესი პატივისცემითა და ქებით ეკიდება ყოველი ჩვენგანი.
ჩვენ, როგორც საქართველოს სამოციქულო ავტეკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შვილნი, ჩვენივე პროფესიული კეთილსინდისიერების გათვალისწინებით, ვაცხადებთ, რომ ზედმიწევნით ობიექტურად, ღვთივსულიერ კანონიკურ ნორმებთან შესაბამისობაში, სახარებისეული პრინციპების სრული დაცვითა და წმინდა მამათა განწესებით წარიმართა ტომოსის გადმოცემის იურიდიული პროცედურა. ჩვენთვის, ჩვენივე წარსული გამოცდილების შუქზე (როცა 1811 წელს რუსეთის იმპერიამ გაგვიუქმა მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალია), ორმაგად უფრო ნაცნობი და ახლობელია თქვენი ეკლესიის დიდხნიანი ტანჯვა და ტკივილები.
1917 წელს, 106 წლიანი დამცირების შემდეგ, ქართველმა სამღვდელოებამ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამოაცხადა (აღიდგინა) ავტოკეფალია, რომელსაც იმდროინდელი პოლიტიკური კონიუქტურის გამო არცერთი ადგილობრივი ეკლესია არ გამოეხმაურა, რამაც ერთი შეხედვით ლეგიტიმაციის პრობლემა შექმნა, თუმცა ვერავინ იკადრებს და იტყვის რომ წმ. კირიონ II მღვდელმოწამის, წმ. ამბროსი აღმსარებლისა და მიტროპოლიტ ლეონიდეს ბრძოლა იყო უსამართლო და უწმინდური. მათ, თავიანთი ცრემლით, ოფლითა და სისხლით დაამოწმეს მათივე ბრძოლის ლეგიტიმურობა და მსხვერპლად შეეწირნენ იმპერიალისტური თუ კოლონიალისტური აგრესიის დამპყრობლურ ძალმომრეობას და შიშველი ხელებითა და წმინდა შრომით მოუპოვეს ქართველ ერს საეკლესიო დამოუკიდებლობა.
ამდენად, შეუძლებელია გულაჩუყებისა და ძმური აღელვების გარეშე რეტროსპექტიულად პარალელი არ გავავლოთ ჩვენსავე ისტორიულ სინამდვილესთან, უახლოეს წარსულთან და იმ უძვირფასეს პერიპეტიებთან, რომლის მეშვეობითაც ჩვენმა სულიერმა თუ ხორციელმა წინაპრებმა საერთო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი სპექტრის კონსოლიდირებული ნებით შეძლეს და გამოაცხადეს (დაიბრუნეს) ავტოკეფალურობა ივერიის მრავალტანჯული ეკლესიისა.
ამიტომ, ახლა, როგორც არასდროს, ისე ვგრძნობთ თქვენს მაჯისცემასა და განწყობას. ჩვენც, მსგავსად წმ. კირიონ II-ის სიტყვებისა – “ეკლესიური მონობა, ყველა მონობაზე უარესია”, ვაფიქსირებთ ჩვენს მოკრძალებულ შეფასებასა და მხარდაჭერას კრემლის იდეოლოგიზებული მანქანების მარწუხებისაგან გათავისუფლებაზე და გილოცავთ ერთიანი და გაძლიერებული უკრაინის ეკლესიის ჩამოყალიბებას! გამოვთქვამთ იმედს, რომ სულ მალე საქართველოს ეკლესიაც შეუერთდება ევქარისტიულ ერთობას თქვენს ეკლესიასთან და დაემორჩილება უფლის სიტყვას- “რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ”(იოანე 17, 21-22).
გვიგულეთ თქვენს ერთგულ გულშემატკივრებად. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მეგობრობა და გულთბილობა, ჩვენივე ცხონების შესაძლებლობაა, “რომელსა უყვარდეს ძმაი თვისი იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს მის თანა” .
ისპოლა ეტი დესპოტა!
მრავალჟამიერ თქვენს მაღალმეუფებას. ამინ”
წერილს ხელს აწერენ: თეოლოგები, გიორგი ტიგინაშვილი, ზვიად ცაბაძე, ლადო ნარსია, ბექა მინდიაშვილი, გოჩა ბარნოვი, გურამ ლურსმანაშვილი, დავით თინიკაშვილი, ლადო წითლიძე, გიორგი გეგუჩაძე, გიორგი ნადირაშვილი, დათო ნებიერიძე, ნიკოლოზ ღონღაძე, ვანო შოშიაშვილი, სანდრო ხაჯალია, ბესარიონ ლიპარტელიანი, ვლადიმერ ჩიქობავა, ლევან ზივზივაძე, მიხეილ პაპაშვილი, ირაკლი კიკაჩეიშვილი; საღვთისმეტყველო საგნების მასწავლებელი ოთარ სხილაძე; თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი რატი ბიგანიშვილი; პოლიტილოგი ბექა ნადარაია, ხელოვნებათმცოდნე როსტონ კაჭახიძე; ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრი ბესიკ მაშავა; ეკლესიის მრევლი ირინა ძაძამია.