საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლები მიიღო. საპატრიარქოს ცნობით, დღეს, 20 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
ცნობის თანახმად, შეხვედრაზე, რომელიც საპატრიარქოს შენობაში შედგა, მოსკოვზე დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტი ანტონი თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს ეკლესიის მხრიდან, ილია მეორის გარდა, მიღებას ესწრებოდნენ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირებიც.
“შეხვედრა არაოფიციალური იყო და სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და მათი პოზიციის ჩვენთვის გაცნობა. ითქვა, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ სხვადასხვა ტაძრებსა და რეგიონებში ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის ეკლესიების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაც დიდ დაპირისპირებას ქმნის მრევლში და სასულიერო პირებთან მიმართებაში”, – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ “სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი შექმნილი სიტუაციის გამო”.
“…ამასთან, მოუწოდა ლოცვის გაძლიერებისკენ, რათა ღვთის მადლით დაიძლიოს პრობლემა და მართლმადიდებელთა ერთობა შენარჩუნდეს”, – აცხადებს საპატრიარქო.
მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესია ქვეყნის ახლად შექმნილ, ავტოკეფალურ ეკლესიას არ ცნობს და არალიგიტიმურად მიიჩნევს მას.
15 დეკემბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში ჩატარებულ გაერთიანებულ კრებაზე გამოცხადდა უკრაინის ახალი, ერთიანი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა. ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე. მისი ამჟამინდელი ტიტულია მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურა ოქტომბერში დაიწყო.
კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებით, კიევის პატრიარქმა ფილარეტმა კანონიკური სტატუსი დაიბრუნა. ასევე გაუქმდა 1686 წელს “გარემოებებიდან გამომდინარე” მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს ნება დართეს, კიევის სამიტროპოლიო საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.
შემდგომ, 4 ნოემბერს, უკრაინასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შეთანხმებაც გაფორმდა.
შესაძლებლობა, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებდა, ცხადი ჯერ კიდევ სექტემბერში გახდა. 23 სექტემბერს, სტამბოლში გამართული ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ როგორც უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია, ისე კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს.
აღნიშნულს უპირისპირდება რუსეთი: მოსკოვის ეკლესიამ ჯერ პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა, 15 ოქტომბერს კი მსოფლიო საპატრიარქოსთან ყველა სახის კავშირს დაუსვა წერტილი. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერით მსოფლიო საპატრიარქო მოსკოვის კანონიკურ საზღვრებს არღვევს.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიცია ამ დრომდე უცნობია. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.