ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელი გიორგი გაბაშვილი ბიუროს სხდომის თბილისში ჩატარებას კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვად აფასებს.
“საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი – ეს სიტყვასიტყვით წერია საქართველოს კონსტიტუციაში. ის, რაც ახლა ხდება, არის კონსტიტუციის უხეში ფეხქვეშ გათელვა, ეს არის ერთი ადამიანის ხუშტურის და ამოჩემების გამო, ბატონი ივანიშვილის ხუშტურის და ამოჩემების გამო კონსტიტუციის არათუ საკუთარ თავზე მორგება, არამედ ნაგვის ყუთში გადაგდება. ამ მოქმედებით დღეს საქართველოს ხელისუფლება ივანიშვილის, რიგითი მოქალაქის დავალებით, ნაგვის ყუთში აგდებს საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ,“ – ამბობს გიორგი გაბაშვილი.
ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მას გიორგი გაბაშვილმა მიმართა წერილით, სადაც თხოვდა, მიეწოდებინა იმ სამართლებრივი აქტების ასლები, რომელთა საფუძველზეც მიიღეს საქართველოს პარლამენტის ან საკომიტეტო სხდომის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება.
“მე მას დღეს გავუგზავნე პასუხი, რომელშიც ვწერ, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი სამართლებრივად განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და რაიმე სხვა სამართლებრივი აქტის თაობაზე ჩემთვის ცნობილი არ არის.
შესაბამისად, პარლამენტის ადგილსამყოფელად რჩება ქალაქი ქუთაისი. პარლამენტი მუშაობს ქალაქ ქუთაისში მდებარე შენობაში, ხოლო პარლამენტის ბალანსზე არსებული, მაგალითად, თბილისში, რუსთაველის 8-ში, ან პარლამენტის მიერ დაქირავებული, მაგალითად, მინუციპალიტეტის ცენტრებში მაჟორიტარების ბიუროები, ან პარლამენტის მიერ სახელმწიფო დაწესებულებისთვის გამოყოფილი, მაგალითად, იუსტიციის სახლში სანაპიროზე, შენობა–ნაგებობები და ოფისები გამოიყენება როგორც დამხმარე მატერიალურ–ტექნიკური საშუალება,” – თქვა დავით უსუფაშვილმა.
ქუთაისის საპარლამენტო და მეორე დედაქალაქად ქცევის იდეა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ეს დაპირება მან ქუთაისის ამომრჩეველს ჯერ კიდევ 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს მისცა.
პარლამენტის შენობა ქუთაისში 2012 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა, თუმცა სარემონტო სამუშაოები დასრულებული არ იყო.
2014 წლის 21 თებერვალს დავით უსუფაშვილმა კი განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტი თბილისში მაინც დაბრუნდებოდა. უსუფაშვილის თქმით, იმ პარლამენტარებს, რომლებსაც ქუთაისში დარჩენა უნდოდათ, ამის საშუალება მიეცემოდათ, ისე, როგორც თბილისში დაბრუნების მსურველთა მოთხოვნა იქნებოდა დაკმაყოფილებული.
