2 სექტემბერს ეს პროექტი საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის მოადგილე გიორგი ხელაიამ წარადგინა.
მისი თქმით, 2014 წლის ბიუჯეტში გარღვევა არის 30 მილიონი ლარი და ამ დეფიციტის შესავსებად სესხის აღება აუცილებელია.
“მთლიანად გარღვევა შეადგენს 30 მილიონ ლარს. რაც აუცილებლად უნდა დაფინანსდეს. სხვა შემთხვევაში ჩვენ საბიუჯეტო ცვლილებებს ვერ წარვადგენთ საკრებულოში. თანხის მოცულობა 23 მილიონიდან 30-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩავატარეთ ბიუჯეტის რევიზია”.
გიორგი ხელაიას განმარტებით, 30 მილიონ ლარს ბიუჯეტის ქალაქის მთავრობა კომერციული ბანკებისგან ისესხებს, კერძოდ, ეს იქნება სპეციალური საკრედიტო ხაზი, საიდანაც თანხის ათვისება შესაძლოა სრულად არ მოხდეს:
“ ამ ფულით დაფინანსდება ინფრასტრუქტურილი პროექტები. ჩბენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს თანხა სრულად არ იქნება გამოყენებული, რადგან მთლიანობაში მოვახდენთ შიდა რესურსების დაზოგვას”.
“ქართული ოცნების” წევრის ჯაბა სამუშიას განმარტებით, თბილისის საკრებულომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო:
“თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიეცეს თანხმობა თბილისის მერიას, რომ აიღოს სესხი 30 მილიონის ოდენობით. ეს არ ნიშნავს, რომ სესხის აღება ხვალვე მოხდება ან განხორციელდება ხარჯვა. ეს არის უბრალოდ საკრედიტო ხაზი. შესაბამისად უკვე როცა მოხდება მერიაში ტენდერების ჩატარება და ეკონომიის გაწევა აღნიშნული ხარჯებით გადაიფარება ის ხარჯვითი ნაწილი და შესაბამისად აღნიშნული სესხი არც იყოს გამოყენებული რეალურად.”
“ნეტგაზეთის” კითხვას, რომ არ მიიღო “ქართულმა ოცნებამ” ნაჩქარევი გადაწყვეტილება მაშინ, როცა 30 მილიონიანი ვალის აღებას მხარი კოალიიცის წევრებმა რესპუბლიკური პარტიიდან მხარი არ აუჭურეს, ჯაბა სამუშია ასე პასუხობს:
“აქ არის თანხმობის გაცემა სესხის აღებაზე. რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად როგორ უნდა გაიხარჯოს, რა პრიორიტეტებს და რა პროგრამებს მოხმარდება თანხა, ეს იქნება გაწერილი იმ დოკუმენტში, რომელიც ითვალისწინებს ბიუჯეტში ცვლილებას. აღნიშნული დოკუმენტი ახლო მომავალში შემოვა საკრებულოში და იქ შეგვეძლება საუბარი კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით.”
თბილისის ბიუჯეტის დეფიციტის გადასაფარად 30 მილიონი ლარის მოცულობის სესხის აღებას მხარი არ დაუჭირა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. თამაზ შოშიაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ საკრებულომ უპრინციპო გადაწყვეტილება მიიღო:
“ჩვენ შევთავაზეთ, რომ ეს საკითხი განგვეხილა ბიუჯეტთან ერთად. ერთი რამ არის ხაზ გაზასმელი, 2014 წლის მარტში “ქართული ოცნების” მიერ შედგენილი ბიუჯეტი აღქმული იყო როგორც დემოკრატიის გამარჯვებად, დღეს ისევ მათ მიერ იქნა შეფასებული, როგორც უვარგისი. აქედან გამომდიანარე, ის უპრინციპო პოზიცია ჩვენთვის არის აბსოლიტურად მიუღებელი, რომელსაც დედაქალაის მერი ავლენს ცენტრალური ხელისუფლების მიმართ. არსებობს ტრანსფერის რამდენიმე სახეობა, მათ შორის ის ტრანსფერი, რომელიც დედაქალაქს ჩამოაჭრა ხელისუფლებამ – 50 მილიონი ლარი. იმის ნაცვლად, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან მოეთხოვათ დედაქალაქის კუთვნილი თანხები, მიდიან კომერციულ ბანკში მაღალპროცენტიანი სესხის ასაღებად. ეს არის აბსოლიტუარდ გაუმართლებელი და უპრინციპო ნაბიჯი.”
თბილისის ბიუჯეტისთვის 30 მილიონიანი სესხის აღებას ხმა მისცა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილიმა:
“სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, თუმცა მერე პოზიცია შევიცვალე. არგუმენტია ის რომ ბალანსი იყო დარღვეული და ბიუჯეტი იყო გარღვეული. ამ ბალანსის აღსადგენად და ბიუჯეტის შესავსებად არის საჭირო ამ კრედიტის აღება. დისკუსიის დროს პოზიცია შევიცვალე, რადგან ამის საჭიროებაში დავრწმუნდი.”
ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა 36 -მა დეპუტატმა, ოთხმა- ნაციონალური მოძრაობის წევრებმა წინააღმდეგ მისცეს ხმა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა. სხდომას არ ესწრებოდნენ ფრაქცია “ქართული ოცნება-რესპუბლიკელები”, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ საკითხის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში შეტანას.
