ახალი ამბები

რუსეთთან ვაჭრობის გაზრდის სახიფათო შანსი

1 სექტემბერი, 2014 • • 1778
რუსეთთან ვაჭრობის გაზრდის სახიფათო შანსი

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს დასავლეთის ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ რუსეთმა რიგი ქვეყნებიდან, მათ შორის ევროკავშირიდან და აშშ-დან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ეს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს საშუალებას აძლევს, რომ ვაჭრობის წილი გაზარდოს და რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლები ჩაანაცვლოს, თუნდაც ნაწილობრივ, იქნება ეს ხილის, ციტრუსის თუ სხვა პროდუქციის ექსპორტით. თუმცა 15 აგვისტოს ევროკავშირის საბჭომ რეკომენდაციით მიმართა ევროგაერთიანების წევრობის კანდიდატებსა და მესამე ქვეყნებს, რომ დადგნენ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით რუსეთის წინააღმდეგ და არ ისარგებლონ ახალი შესაძლებლობით.


საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია რუსეთის ბაზარზე
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია რუსეთის ბაზარზე

ეხება თუ არა ევროკავშირის მოწოდება საქართველოს?

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაცია რუსეთთან ვაჭრობის შეზღუდვაზე საქართველოს არ ეხება, რადგან ის მსხვილი ექსპორტიორი არ არის:

 

„ეს ეხება მსხვილ ექსპორტიორებს, საქართველო არ არის მსხვილ ექსპორტიორთა შორის, შესაბამისად, ეს ჩვენს ქვეყანაზე არ აისახება”, – ამბობს პრემიერი და დასძენს, რომ საქართველოს ევროკავშირის მხრიდან ამ საკითხზე რაიმე სახის მიმართვა არ მიუღია.

 

გაფართოების საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ნეტგაზეთთან ელექტრონულ მიმოწერაში არც უარყო და არც დაადასტურა, რომ ევროკავშირი “მესამე ქვეყნებში” საქართველოსაც მოიაზრებს, ვისთანაც ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი 27 ივნისს:

 

“ეს [რეკომენდაცია] ასახულია ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში, რომელიც გამოქვეყნებულია და მის თაობაზე ადგილი ჰქონდა კომუნიკაციას შესაბამის პარტნიორებთან ჩვეულებრივი დიპლომატიური გზებით, რაზეც ჩვენ საჯარო კომენტარებს, როგორც წესი, არ ვაკეთებთ. “მესამე და კანდიდატი ქვეყნები” – ჩემი აზრით, ეს ფორმულირება მკაფიოდ განსაზღვრავს იმას, თუ რომელი ქვეყნები იგულისხმება”, – უთხრა სტანომ ნეტგაზეთს. მან ასევე არ უპასუხა შეკითხვას, მიმართა თუ არა ევროკავშირმა ამ საკითხზე კონკრეტულად საქართველოს.

პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით, პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, რომელიც ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელია, მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ზემოხსენებულ ფორმულირებაში “მესამე ქვეყნების” ეგიდით საქართველოსაც მოიაზრებს. იგივე აზრზეა გიგა ბოკერია, ხელისუფლების ოპონენტი ნაციონალური მოძრაობიდან:

 

“როდესაც ევროკავშირის სპიკერმა განცხადება გააკეთა, იგი ასპირანტ ქვეყნების პარტნიორებზე საუბრობდა… მესამე ქვეყნებზე. აქ მართლაც არ არის არაფერი სადისკუსიო. ჩემი აზრით, გასაგებია, რაზეცაა საუბარი. ძალიან სამწუხარო და სახიფათოა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, რომ ჩვენი ხელისუფლება, როგორც ჩანს, საკუთარ თავს ევროკავშირის პარტნიორად არ განიხილავს, იმიტომ, რომ მოწოდება არა მარტო კანდიდატი ქვეყნების, არამედ პარტნიორების მიმართ იყო გაკეთებული, რაც ბუნებრივია”, – აცხადებს ბოკერია.

რას ითხოვს ევროკავშირი

 

კახა გოგოლაშვილის განცხადებით, ზემოხსენებული რეკომენდაციის შინაარსიდან გამომდინარე ვერც საქართველო და ვერც ევროკავშირი ქართველ მწარმოებლებს რუსეთში ვაჭრობას ვერ აუკრძალავენ, თუმცა აქ საუბარია იმაზე, რომ ექსპორტის ზრდის სურვილი სახელმწიფო დონეზე არ უნდა დაფიქსირდეს:

“ამის [რეკომენდაციის] სულისკვეთება არის ის, რომ ქვეყნებმა არ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და არ დაეხმარონ რუსეთს ევროკავშირის წინააღმდეგ სანქციების გატარებაში. თუ საქართველო დაინტერესდება და თავისი ბიზნესებისთვის ხელშეწყობას დაიწყებს, რათა მათ სასწრაფოდ ჩაანცვლონ რუსეთის ბაზარზე ის პროდუქტები, რომელიც ევროკავშირიდან შედიოდა, თუ უცებ 100 პროცენტით გაიზრდება ექსპორტის ოდენობა, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან გამართავს მოლაპარაკებებს, რომ, აბა, რა გჭირდებათ და ასე შემდეგ, დაიდება ახალი ხელშეკრულებები ვაჭრობის გამარტივების თაობაზე… თუ ასეთი მიმართულებით განვითარდება მოვლენები, რა თქმა უნდა, ევროკავშირი რეაგირებას მოახდენს და პოლიტიკურ დონეზე რაღაც შენიშვნები იქნება ჩვენი მისამართით, რაც უსიამოვნო  ატმოსფეროს შექმნის. მაგრამ თუ ბიზნესმენები ნახავენ, რომ ამ სანქციების გამო რაღაც ნიშა იხსნება და თავისუფალი ბიზნესი იქ ექსპორტირებას შეეცდება, ამ შემთხვევაში ევროკავშირი, რა თქმა უნდა, პრეტენზიებს ვერ წარუდგენს სახელმწიფოს იმიტომ, რომ თავისუფალ ბიზნესს სახელმწიფო არ შეზღუდავს და ვერ ეტყვის, რომ რუსეთში ფორთოხალი არ გაიტანო, იმიტომ, რომ რუსეთმა ევროკავშირს ფორთოხლის ექსპორტი შეუწყვიტაო. მაშინ საქართველომ ოფიცილაურად უნდა დაუწესოს რუსეთს სანქციები და აკრძალოს რუსეთში იგივე ფორთოხლის შეტანა, ასეთ მსხვერპლს კი ისეთი ქვეყნისაგან, როგორიც საქართველოა, ევროკავშირი არ მოითხოვს”, – ამბობს გოგოლაშვილი და დასძენს, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანის თვალსაზრისით გარკვეული მარკეტინგული კამპანიების წარმოებისაგან თავი უნდა შეიკაონ.

რას ფიქრობენ წამყვან პოლიტიკური ძალებში შექმნილ ვითარებაზე

 

საქართველოს მმართველი გუნდი რუსეთთან ვაჭრობაზე უარის თქმას არ აპირებს. ამას თქმის საფუძველს ის კომენტარი იძლევა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა:

 

“ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ჩვენი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქცია გავყიდოთ ყველგან, მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ბაზრის დივერსიფიკაცია“.

პრემიერ-მინისტრი პოზიცაის აბსოლუტურად იზიარებს მამუკა ჩხეიძე, ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში:

 

“მე ვიზიარებ ამ მოსაზრებას. პოლიტიკაში მუდმივი არც მეგობრები არსებობს და არც მტრები, თუმცა ამით იმის თქმა არ მინდა, რომ რუსეთი ჩვენი ან მეგობარი ან პარტნიორია. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატად არ მოიაზრება და ამ 24 წლის მანძილზე ჩვენ დაგვღუპა იმან, რომ მატარებლის წინ მივრბოდით ისე, რომ არანაირი გარანტია არ გვქონდა, რომ უკნიდან მატარებელი არ გადაგვივლიდა. მე მგონი, ეს პოლიტიკა უნდა დამთავრდეს, ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არავინ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ჩვენი ეკონომიკის დანგრევის შემთხვევაში ვინმე ამის კომპენსირებას გაგვკეთებს”, – ამბობს ჩხეიძე.

 

კითხვას, ვინ იქნება იმაზე პასუხისმგებელი, ევროკავშირმა რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების კუთხით შექმნას პრობლემები, თუ საქართველო მის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, იგი პასუხობს:

“ასოცირების  ხელშეკრულებაში ისეთი ნორმა, რომ ჩვენ სხვასთან უნდა შევზღუდოთ ვაჭრობა, არ დევს. თუ ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებითაც მიიღებს გადაწყვეტილებას [რუსეთთან ვაჭრობის შეზღუდვის თაობაზე] მთავრობის და ოფიციალური სტრუქტურის დონეზე, ისე, როგორც ეს საკუთარ წევრებთან დაკავშირებით გააკეთა… მოდით, ჯერ ეს გადაწყვეტილება მიიღოს და მერე ვილაპარაკოთ, რა უნდა ვქნათ და როგორ”, – აღნიშნავს ჩხეიძე და დასძენს, რომ ეს მისი პირადი პოზიციაა და არ შეუძლია პარტიის აზრი გამოხატოს მისი ამჟამინდელი სტატუსიდან გამომდინარე.

 

ამ საკითხზე სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო საქმეთა მდივან გიგა ბოკერიას, რომელმაც ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისი აზრით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უნდა შეუერთდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი მიმართულებით კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს რუსეთის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა აღარ ექნებათ:

 

“ევროკავშირის სანქციები სწორედ იმას ეხება, რომ კონკრეტული ბიზნესები ვეღარ შევიდეს. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, საქართველო უნდა შეერთებოდა სანქციებს პუტინის წინააღმდეგ იმ მომენტშივე, როდესაც პოლიტიკური აგრესია განხორციელდა [უკრაინის წინააღმდეგ]. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით პუტინის წინააღმდეგ მკაცრი ზომების დაწესების მოთხოვნის ავანგარდში და ჩვენ თვითონაც უნდა გაგვეტარებინა ეს ზომები.

 

მე მესმის, რომ ჩვენი ხელისუფლება ეკონომიკური მდგომარეობით სპეკულირებს და ხალხს ეუბნება, რომ ეს კეთილდღეობას მოიტანს და ამიტომ ვიქცევით ასეო. გასაგებია, ეს დემაგოგია, ჩვენ ზოგადად თავისუფალი ვაჭრობის მომხრე ვართ და არც რუსეთთან გვქონია პრობლემა, რომ ვაჭრობას ადგილი ჰქონოდა, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური მომენტი არის გარდამტეხი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ როცა ბაზრის დივერსიფიცირებაზეა ლაპარაკი, ეს სწორედ იმისთვის უნდა მოხდეს, რომ რუსეთზე არ ვიყოთ დამოკიდებული.

 

ცივილიზებული სამყარო უპირისპირდება პუტინის რეჟიმს, რომელიც ცდილობს, რომ ევროპულ უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე. ჩვენ, ბუნებრივია, რომ ამ საფრთხის პირველ ხაზზე ვართ, ამ დროს კი ჩვენი ხელისუფლება საკუთარი თავის პოზიციონირებას ახდენს ისე, რომ ის არ არის ევროკავშირის პარტნიორი და ამ ძალისხმევას არ უერთდება, ეს ჩვენ გვტოვებს ამ თავისუფალი სამყაროს ბლოკის მიღმა, რაც ჩვენთვის სახიფათოა…”, – აცხადებს ბოკერია.

ევროკავშირის საპასუხო რეაქცია

 

კახა გოგოლაშვილის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ზემოხსენებულ რეკომენდაციაში გარკვეული პარამეტრები ჩადებული არ არის, რთულია იმის თქმა, რა შეიძლება მოიმოქმედოს ბრიუსელმა, თუ საქართველო რეკომენდაციას არ გაიზიარებს და სახელმწიფო დონეზე ეცდება რუსეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის გაზრდას.

 

“პოლიტიკაში ყველაფერი ითვლება სტრატეგიულად, რა არის მომგებიანი, რა- წამგებიანი, ევროკავშირისთვისაც არ იქნება მომგებიანი, რომ საქართველოსთან და სხვა მრავალ ქვეყენასთან, რომელთა ბიზნესმენებმა შესაძლოა ასეთი ინტერესი გამოიჩინონ, ურთიერთობები გაიფუჭოს. ამიტომ გააჩნია სიტუაციას და მდგომარეობას, ევროკავშირი კარგად აწონ-დაწონის. მეორე მხრივ, ჩვენი ევროკავშირთან დაახლოება არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა, აქ ნებისმიერი სახის შეფერეხება და ურთიერთობების გაციება ჩვენთვის ზიანის მომტანი იქნება. ამაზე საქართველოს მთავარობაც დაფიქრდება და ევროკავშირიც, უნდა მოიძებნოს რაღაც შუალედი, რომელზეც ზღვარი გადის. საქართველოს მთავრობამ ეს ზღვარი უნდა ნახოს, არ უნდა გამართოს რუსეთში გამოფენები, არ უნდა აწარმოოს კამპანია ტელევიზიით, რომ გაიტანეთ რუსეთში პროდუქცია და ასე შემდეგ. არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ის იყენებს ევროკავშირის მიმართ არსებულ სანქციებს საკუთარი გამორჩენისთვის’, – აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი