ახალი ამბები

უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ ვინმეს ინსტრუმენტი არ გახდებიან — NGO-ები ტვ პირველზე

7 მარტი, 2019 • 912
უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ ვინმეს ინსტრუმენტი არ გახდებიან — NGO-ები ტვ პირველზე

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის”, რომელშიც 11 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება, პროკურატურას მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღებით, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს მედიაზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი. კოალიციამ 7 მარტს გაავრცელა განცხადება ტვ პირველისა და თიბისი არტარეას ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ.

პროკურატურამ 6 მარტს გაასაჯაროვა წერილის ასლი, რომელიც თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ წინა დღით გადასცა გამოძიებას. წერილში, რომელიც, ხაზარაძის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა მას შუამავლის ხელით, ტელეკომპანია “პირველსა” და “თიბისი არტარეას” ხელისუფლების მხარდმჭერი პოლიტიკის გატარებას სთხოვენ “ყველანაირი წინაპირობის გარეშე”.

კოალიცია მიიჩნევს, რომ წერილის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, ის წარმოადგენს მედიის საქმიანობაში ჩარევას და სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას. “აღნიშნული საქმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმის გამოც იმსახურებს, რომ ამ წერილის ადრესატის მიერ ავტორად ქვეყნის ვიცეპრემიერი და შსს მინისტრი სახელდება”, – წერს კოალიცია.

არასამთავრობოების თანახმად, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „TV პირველის“ სახელი ჩნდება სხვადასხვა ტიპის გარიგებებთან დაკავშირებულ საქმეებში, სადაც ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილი ჩანს.

“კვლევებით დასტურდება, რომ ეს არხი მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია, როგორც ამ მაუწყებელმა, ისე ყველა სხვა მედიასაშუალებამ იცოდეს, რომ მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცულია კანონით. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება, რომ ისინი არ გახდებიან ინსტრუმენტი სხვადასხვა პირთა ინტერესების სასარგებლოდ. ამისათვის კი აუცილებელია, თითოეული ასეთი შემთხვევა გამოძიებული იყოს გამჭვირვალედ”, – აცხადებენ NGO-ები.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები პირობად დებენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების შემდგომ განვითარებას; ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, “განსაკუთრებული ყურადღებით გამოიძიოს მედიასაშუალებებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები და გამოძიება მაქსიმალურად მოკლე ვადებში, ეფექტიანად წარმართოს იმგვარად, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გაეცეს”.

წაიკითხეთ ასევე ნეტგაზეთზე:

რას ნიშნავს თიბისის საქმეში მედიის გამოჩენა — სულხან სალაძის მოსაზრება

მედიაკოალიციაში ერთიანდებიან:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“
  • რეგიონულ მაუწყებელელთა ალიანსი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მასალების გადაბეჭდვის წესი