ახალი ამბებირეკლამა

„მინისტრის საათი“ – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს პარლამენტში უსმენენ

7 მარტი, 2019 • 1246
„მინისტრის საათი“ – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს პარლამენტში უსმენენ

„2018 წელი იყო პირველი  და ძალიან მნიშვნელოვანი წელი გაერთიანებული სამინისტროსთვის. ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურა, რომელმაც უნდა უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც გაგვაჩნია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა ეფუძნება სამ ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტს: საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა III ეროვნული პროგრამა 2017-2021 წლები; საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლები; საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2015-2020 წლები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

  • 2018 წელს დამტკიცდა საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა III ეროვნული პროგრამა (NEAP3), რომელიც წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ დოკუმენტს და სამოქმედო პროგრამას.

NEAP3 ქვეყანაში არსებული გამოწვევების, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მდგრადი განვითარების მიზნებისა და მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების ვალდებულებების შესაბამისად განსაზღვრავს დარგის გრძელვადიან სტრატეგიულ პრიორიტეტებს, მიზნებს, ამოცანებსა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ხუთწლიანი პერიოდისთვის.

  • 2019 წლისთვის დაგეგმილია ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნიადაგის დაცვის მიმართულებით. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტში გამართული „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, პარლამენტის აგრარულ კომიტეტთან ერთად, 2018 წელს მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ”.

„ახალი კანონი დაარეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციასთან, სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენა-გაშენებასთან, მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ქარსაფარი ზოლების გაშენება ხელს შეუწყობს მიწების ნაყოფიერების შენარჩუნებას და სოფლად უკეთეს მოსავლიანობას“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეისათვის, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს და დაგეგმილია ქარსაფარი ზოლების გაშენება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2018 წელს გაშენდა 6,5 კმ ქარსაფარი ზოლი.

მინისტრის ინფორმაციით, 2019 წლისთვის დაგეგმილია ქარსაფარი ზოლების გაშენება გარდაბნის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.

ლევან დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით დაგეგმილია დეგრადირებული საძოვრების აღდგენის პროექტი ყაზბეგის, დმანისისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას ქვეყნისთვის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018 წლის ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაზე საქართველომ წარადგინა და კომიტეტმა დაამტკიცა ზურმუხტის 36 ტერიტორია. ამ ეტაპზე შერჩეულია 58 ზურმუხტის ტერიტორია, მათგან 39 – დამტკიცებულია ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ, 7 ტერიტორია არის კანდიდატი, ხოლო 12 – შეთავაზებული.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2018 წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე ჩატარდა 3 საკომპენსაციო ტერიტორიის სამეცნიერო კვლევა. ზურმუხტის ტერიტორიების დამტკიცების შემდგომ კი,  6 წლის ვადაში მომზადდება მართვის გეგმები.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სამინისტროს ფარგლებში ,,ველური ბუნების მართვის სააგენტო“ ჩამოყალიბების მნიშვნელობის საკითხზე.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სსიპ „ეროვნული საშენი მეურნეობის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა სსიპ „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ფლორისა და ფაუნის სახეობათა ეტაპობრივი აღრიცხვისა და შემდგომი მონიტორინგის ორგანიზება, კვლევების ორგანიზება, აღწარმოებისთვის საჭირო სამუშაო გენოფონდის შექმნა, აღწარმოებისა და ჰაბიტატების აღდგენის  ორგანიზება; ნადირობისა და სპორტული თევზჭერის რეგულირება; კერძო სექტორისთვის სახეობათა გასამრავლებელი მასალისა და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდება; მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი