ახალი ამბები

როგორ დავიცვათ მოზარდები სექსუალური ძალადობისაგან ონლაინ – რჩევები

7 მარტი, 2019 • 3906
როგორ დავიცვათ მოზარდები სექსუალური ძალადობისაგან ონლაინ – რჩევები

მოზარდების კიბერშანტაჟი, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და დაშინება – ეს ის საფრთხეებია, რასაც ბავშვები და მოზარდები ინტერნეტში აწყდებიან.

მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად ევროპის საბჭომ სახელმძღვანელო/გზამკვლევი გამოაქვეყნა, სადაც ყველა ის რჩევაა თავმოყრილი, რომელიც უფროსებს ბავშვებისა და მოზარდების ონლაინ სექსუალურ ძალადობისგან დაცვაში დაეხმარება.

ინტერნეტში პირადი სახის მონაცემისა თუ კადრების გავრცელების პრაქტიკა მოზარდებისთვის აქტუალური და პრობლემური საქართველოშიც არის. მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ ბათუმში სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა, მანამდე კი ოზურგეთში 16 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის მიმოწერის გასაჯაროებით აშანტაჟებდნენ, რის გამოც მან თავი მოიკლა. 

ანგარიშის ავტორები განმარტავენ, რომ ასეთ დროს მოზარდები ხშირად არაინფორმირებულები და დაბნეულები არიან, რაც მოძალადეს ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, ინტერნეტ-სივრცეში მათ დაცვაში დიდი როლი აკისრიათ მშობლებს. მათი თქმით, ბავშვის აღზრდა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში რამდენიმე ძირეული ნაწილისგან შედგება, მათ შორის :

  • ღია ურთიერთობა ბავშვთან;
  • ინტერნეტში ბავშვის აქტივობებით მუდმივად დაინტერესება;
  • ინტერნეტში ბავშვის რეპუტაციისა და ვინაობის აქტიურად დაცვა;
  • ბავშვთან ერთად ინტერნეტის შესაძლებლობების გაცნობა;
  • ბავშვის დაცვა ინტერნეტით გამოწვეული შესაძლო საფრთხეებისგან;
  • აღმზრდელობითი უნარების დანერგვა ინტერნეტ-სამყაროში.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თითოეული ამ პრინციპის დაცვა და მოზარდისთვის მიწოდება მისი ასაკის მიხედვით იცვლის სახეს. მაგალითად, როდესაც საქმე 8 წლამდე ასაკის ბავშვებს ეხება, ავტორები მშობლებს ურჩევენ, რომ ისინი ინტერნეტით სარგებლობის დროს ბავშვის გვერდით იყვნენ.

ამასთანავე, კომპიუტერში ანტივირუსული პროგრამებისა და მშობლების კონტროლის (Parent Control – პროგრამა, რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს, ბავშვს გარკვეულ მავნე საიტებზე შესვლა შეუზღუდოს) უახლესი ვერსიები დააყენონ და მათი პარამეტრები მაქსიმალურად გაზარდნონ. მშობლები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ ბავშვის კონფიდენციალურობის ყველა პარამეტრი ინტერნეტში დაცულია.

რაც შეეხება ბავშვებს, რომელთა ასაკიც 9-დან 12 წლამდეა, გაიდლაინის მიხედვით, ამ ასაკში მშობლებმა ბავშვებს ინტერნეტით სარგებლობა არ უნდა აუკრძალონ, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში, მოზარდი მაინც მოახერხებს ინტერნეტში შესვლას, ოღონდ ამ შემთხვევაში, მშობელს ამის შესახებ არ გააგებინებს. ეს უკანასკნელი კი ბავშვისთვის გაცილებით მეტ რისკს შეიცავს.

“ბავშვთან ერთად განიხილეთ, რას აკეთებს ის ინტერნეტში, რომელ ვებ-გვერდებზე შედის, ვის ესაუბრება და როდის არის ინტერნეტში. ასწავლეთ მათ პირადი ცხოვრების დაცვა ონლაინ, რომ თავიანთი ვინაობის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არასდროს გააზიარონ. აჩვენეთ, როგორ დაბლოკონ ადამიანები და გააგზავნონ მათზე საჩივარი.  მოიპოვეთ მათი ნდობა იმისათვის, რომ თუკი რამე მოხდება, ბავშვმა თქვენ მოგმართოთ,” – ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

სახელმძღვანელოში ასევე ვკითხულობთ იმ რჩევებს, რომლებიც თინეიჯერებს, 13-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს ეხებათ. ავტორები მიიჩნევენ, რომ ინტერნეტში მათი უსაფრთხოების დაცვის წინაპირობა შვილსა და მშობელს შორის ნდობის დამყარებაა.

“ხელი შეუწყვეთ თქვენს თინეიჯერ შვილს, რომ თქვენთან ნებისმიერ ოფლაინ და ონლაინ პრობლემაზე ისაუბროს. თქვენს თინეიჯერ შვილთან ოჯახში მედიასაშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით შეთანხმება დადეთ, რაც სიმშვიდეს და ტექნოლოგიის სწორად გამოყენებას უზრუნველყოფს. შეთანხმებაში ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენი მოლოდინები განსაზღვრეთ,” – ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

გარდა ამისა, ავტორები ურჩევენ მშობლებს, ყურადღება მიაქციონ იმასაც, თუ როგორ ურთიერთქმედებს თინეიჯერი შვილი ტექონოლოგიასთან – აღელვებულია, ბრაზობს, გაღიზიანებულია თუ ჩაკეტილი. და თუ მშობლები ბავშვის ქცევაში ცვლილებას შენიშნავენ, მოზარდთან სწორი კომუნიკაციის გაბმა სცადონ. ბოლოს კი დახმარებისთვის სხვა მშობლებს, სკოლას ან ჯანდაცვის სპეციალისტებს მიმართონ.

გარდა ზოგადი რჩევებისა, სახელმძღვანელოში განხილულია ინტერნეტში სექსუალური ძალადობის შინაარსის ყველაზე გავრცელებული 5 საფრთხე, რომლებიცაა:

ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია ონლაინ – სექსის გამოძალვა სექსუალური შინაარსის მასალით შანტაჟის გზით

სექსუალური იძულებისა და გამოძალვის დროს, დამნაშავე აშანტაჟებს ბავშვს საკუთარი, თვითწარმოებული სექსუალური ხასიათის გამოსახულებების მეშვეობით, მისგან სექსუალური მომსახურების, ფულის ან სხვა სარგებლის იძულებით მიღების მიზნით. დამნაშავე ამ გამოსახულებების სოციალურ მედიაში გამოქვეყნებით, ან ბავშვს მისი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის გაგზავნით ემუქრება

გზამკვლევის ავტორები ამბობენ, რომ კომპიუტერული ქსელების გამოყენებით ბავშვების სექსუალური იძულება და გამოძალვა, რომელსაც ასევე “ვებ-კამერით შანტაჟს” უწოდებენ, საკმაოდ ხშირია. თუმცა მსხვერპლების მხრიდან დაბნეულობის, შიშისა თუ არასათანოდ ინფორმირებულობის გამო შემთხვევათა დიდი ნაწილი რეგისტრირებული არ არის.

თუ მოზარდს ვინმე სექსუალური ხასიათის ფოტოებისა ან ვიდეობის გაზიარებით ემუქრება და  თუკი ბავშვს მისთვის უფრო მეტი ფოტო/ვიდეოს გაგზავნა ან ფულის გადახდა არ მოუწია, გზამკვლევი მშობლებს ურჩევს – არ გადაუხადოს დამნაშავეს ფული და ნუ მოერიდებათ პოლიციისთვის აღნიშნულის შესახებ შეტყობინება. გარდა ამისა:

“მიმართეთ დახმარებისთვის – თქვენ მარტო არ ხართ. შეინახეთ მტკიცებულება – კომპიუტერის ეკრანს გადაუღეთ ფოტო ან ე.წ. სქრინშოტი. არაფერი წაშალოთ, დაბლოკეთ პიროვნება და აღნიშნულის შესახებ მიმართეთ ადგილობრივ პოლიციას,”.

ბავშვების ჩართულობით სექსუალური ხასიათის თვითწარმოებული გამოსახულებების და მასალების გაზიარება (SEXTING)

(Sexting) არის სექსუალური ხასიათის შეტყობინებების (სიტყვები, ფოტოები, ვიდეოები, გამოსახულებები, სხვ.) გაგზავნა და მიღება მობილური ტელეფონის, ტაბლეტების, ლეპტოპების ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით, რაც მასალისა და შეტყობინებების გაზიარების საშუალებას იძლევა.

როგორც გზამკვლევაში წერია, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კი ბავშვი საკუთარ გამოსახულებას გამოაქვეყნებს ან გააგზავნის, ის სამუდამოდ კარგავს მათზე კონტროლს. ამის შემდეგ ბავშვი, შესაძლოა, შანტაჟის, ბულინგის, სექსუალური იძულების და გამოძალვის, სექსუალური მიზნებისთვის დაყოლიების (grooming) ან სხვა მანიპულირების მსხვერპლი გახდეს.

როგორ მოიქცეს მშობელი ამგვარი სიტუაციების რისკების შესამცირებლად? – სახელმძღვანელოს ავტორები ამბობენ, რომ აუცილებელია ბავშვებს მშობლებმა წინასწარ განუმარტონ, თუ როგორ მოიხმარონ სმარტფონები ან ტაბლეტები პასუხისმგებლობით.

“შეთანხმდით, რისი გამოქვეყნება და გაგზავნაა დასაშვები. უფროსი ასაკის ბავშვებთან რეალური ცხოვრებიდან იმ მაგალითების მოყვანა შეიძლება, რომლებიც სექსუალური გამოსახულების შემცველი შეტყობინებების გაგზავნა-მიღებასთან (sex ting) დაკავშირებულ რისკებს, საფრთხეებს და სამართლებრივ საკითხებს ასახავს,” – წერია გზამკვლევში.

ავტორების თქმით, ბავშვების ნდობის მოსაპოვებლად მშობლები მოსმენისა და მხარდაჭერისთვის მზად უნდა იყვნენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვმა სექსუალური ხასიათის შეტყობინება გააგზავნა, სასურველია მშობელმა ეს მომენტი სექსის შესახებ სალაპარაკოდ გამოიყენონ, ბავშვებს კი მათი მოსაზრებები და ღირებულებები გაუზიარონ.

სექს-ჩატინგი – ინტერნეტით სექსუალური შინაარსის თემებზე საუბარი

სექს-ჩატინგი – ინტერნეტით სექსუალური შინაარსის თემებზე საუბარი არის სექსუალური გამოსახულების ან მასალის გაზიარება ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს შორის. სექსჩატინგი ასევე შეიძლება გრუმინგის – ბავშვის სექსუალური მიზნებისთვის დაყოლიების ან/და ბავშვთა პორნოგრაფიის და/ან სექსუალური იძულების საფუძვლად იქცეს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გზამკვლევშია ხაზგასმული – სექს-ჩატინგია. ავტორები ამბობენ, რომ ინტერნეტ სივრცეში მოძალადეები მოზარდებთან სექსზე ლაპარაკს საუბრის დაწყებიდან 2 წუთში იწყებენ.

ისინი ასევე დასძენენ, რომ ჩატის დაწყების შემდეგ დამნაშავე ყველანაირად შეეცდება ბავშვის გაკონტროლებას, ის შეიძლება დაემუქროს, რომ მასალას ბავშვის მეგობრებს და ოჯახის წევრებს გაუგზავნის, თუ ბავშვი იმის კეთებას არ გააგრძელებს, რასაც დამნაშავე სთხოვს. ამასთანავე, მოძალადე შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის ადამიანი.

რაც შეეხება რჩევებს, იმისთვის, რომ ბავშვზე ძალადობის რისკები შემცირდეს, მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ მოზარდები სოციალურ ქსელში არ ეკონტაქტება და არ უცვლის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას უცხო ადამიანებს.

“ყურადღება მიაქციეთ თქვენი ბავშვის ტექნიკასთან ურთიერთქმედებას: ოთახში თქვენი შესვლისას მისი ქცევა იცვლება? ეკრანზე გამოსახულებას ხომ არ ცვლის ან კომპიუტერს სწრაფად თიშავს?

თქვენს ბავშვს ასწავლეთ, რომ ინფორმაციის განთავსებამდე ან გაზიარებამდე კარგად დაფიქრდეს. ახალ ტექნოლოგიებთან, ინტერნეტთან და სოციალურ მედიასთან მუშაობის დროს მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება. ავტომატურად გაზიარების ან დაწკაპუნების ნაცვლად ბავშვებს და ახალგაზრდებს დაყოვნება და დაფიქრება სჭირდებათ. დარწმუნდით, რომ თქვენმა ბავშვმა იცის, რომ ყოველთვის შეუძლია თქვენთან მოსვლა და ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება,”

გრუმინგი – კომპიუტერული ქსელების გამოყენებით ადამიანის სექსუალურ ურთიერთობებზე დაყოლიება

დამნაშავეები, რომლებიც ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას მიმართავენ, ბავშვებთან ურთიერთობას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებებით მათი სექსუალური მიზნებისთვის წაქეზებით იწყებენ, რისთვისაც ნდობის მოსაპოვებლად ემოციურ კავშირს ამყარებენ.

გზამკვლევის მიხედვით, დამნაშავეები ბავშვთან თავს ხშირად თანატოლად წარმოაჩენენ. ისინი იმ ონლაინ-ჩატს ან სათამაშო სისტემებს იყენებენ, რომლებიც ბავშვების და ახალგაზრდების ინტერესებზეა ორიენტირებული. მათ შეუძლიათ მხარდამჭერი მეგობრის როლი შეასრულონ, ან საჩუქრები უყიდონ, ან თავიანთი მსხვერპლის იზოლირებისთვის პირფერობას მიმართონ.

დოკუმენტში ნახსენებია, რომ ისევე როგორც სექსუალური ხასიათის შეტყობინებების მიღება-გაგზავნის (sexting) შემთხვევაში, მშობლებმა უნდა იცოდნენ, მათი ბავშვი ტექნიკასთან როგორ ურთიერთქმედებს: ისინი ფარულად ელაპარაკებიან ვინმეს, ან ეკრანზე გამოსახულებებს ცვლიან/გადართავენ? ისინი თქვენთვის მოულოდნელ სექსუალურ ტერმინოლოგიას იყენებენ? მათ ახალი საჩუქრები და კომპიუტერული მოწყობილობები აქვთ, რომლებიც თქვენ არ მიგიციათ მათთვის?

“შედარებით უფროსი ასაკის ბავშვების შემთხვევაში, მშობლები ასევე უნდა დარწმუნდნენ მათი შვილების ინფორმირებულობაში, რომ დაყოლიებაზე ორიენტირებულ პირებს შეუძლიათ სოციალური მედიის საიტების, სწრაფი შეტყობინების აპლიკაციების, მათ შორის აპლიკაციების (გაცნობის აპლიკაციები თინეიჯერებისთვის) ან ონლაინ- თამაშების პლატფორმების გამოყენება”.

სექსუალური შინაარსის გამოსახულებების შურისძიების მიზნით გამოყენება (REVENGE PORN – პორნოგრაფია შურისძიების მიზნით)

სექსუალური გამოსახულებების შეთანხმების გარეშე გამჟღავნება, ან როგორც ამას არაფორმალურად უწოდებენ, „პორნოგრაფია შურისძიების მიზნით“, მოიცავს თვითწარმოებულ გამოსახულებებს და მასალებს (ძირითადად, ინტიმური ან სექსუალური ხასიათის), რომლებსაც სხვა ადამიანს, მასთან პირადი ურთიერთობების ფარგლებში უზიარებ. ხოლო ურთიერთობის დასრულების შემდეგ ამ გამოსახულებების სხვებისთვის გაზიარება ხდება

გზამკვლევში წერია, რომ ასეთ შემთხვევაში მშობელმა შვილი არ უნდა დაადანაშაულოს, პირიქით, მას სტრესული და უხერხული მდგომარეობის დაძლევაში დახმარება უნდა გაუწიონ.

“გახსოვდეთ, რომ ისინი თავს მოტყუებულად გრძნობენ. ონლაინ-მასალას ე.წ. screenshot გადაუღეთ და ვებ-გვერდის მისამართთან ერთად მტკიცებულების სახით შეინახეთ. აღნიშნული შინაარსის შესახებ სოციალურ მედია-პლატფორმებს და სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინეთ.”

ავტორების თქმით, მშობლებმა უნდა აუხსნან შვილებს, რომ მსგავსი შინაარსის ფოტოები არასდროს გადაიღონ. იმ შემთხვევაში კი, თუ მოზარდს მისი მეგობარი ბიჭი ან გოგო გადაუღებს ფოტოს, უთხრან შვილებს, რომ მათ ამ მასალის წაშლის მოთხოვნის უფლება აქვს.

საქართველოში პირადი ცხოვრების ამასხველი ინფორმაციის ხელყოფის საკითხს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი არეგულირებს. მსგავსი ქმედება ისჯება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

მასალების გადაბეჭდვის წესი