ახალი ამბები

აშშ-ში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

29 აგვისტო, 2014 • 1337
აშშ-ში საქართველოს მოქალაქე მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

საქმე ტაქსის მძღოლის, 47 წლის მოჰამედ ქამალის გარდაცვალებას ეხება.

 

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მისი სიკვდილის მიზეზი მრავალჯერადი დაზიანება გახდა. მოჰამედ ქამალს ბასრი იარაღით ჭრილობა 15-ჯერ ჰქონდა მიყენებული.

 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი შოთა მექოშვილი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 27 აგვისტოს გადაიყვანეს.  

 

“nbcconnecticut”-ის ინფორმაციით, მექოშვილი აშშ-ში ვიზით იმყოფება.

 

მასზე ეჭვი ადგილობრივმა პოლიციამ ოთხშაბათს, საღამოს 8 საათისთვის მიიტანა.

 

ეჭვმიტანილმა პოლიციის თანამშრომლების გამოჩენისას გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა შეძლეს მისი დაკავება და შესაბამის განყოფილებაში გადაყვანა.

 

დაკავებისას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა მექოშვილის სხეულზე ჭრილობები შენიშნეს. პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ის, სავარაუდოდ, მკვლელობის დროს მოხდა. პოლიციის თქმით, მექოშვილმა სტამფორდის საავადმყოფოში იმკურნალა.

 

პოლიციას სჯერა, რომ მკვლელობა ცალკე შემთხვევაა და ძარცვის დროს მოხდა, რადგან ქემალის საკრედიტო ბარათები დაკარგულია. დაკარგულად ითვლება ქემალის ნაღდი ფულიც.

 

ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ შესაძლებელია მექოშვილი და ქემალი ერთმანეთს მანამდეც იცნობდნენ. თუმცა პოლიციას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

 

ირკვევა, რომ მექოშვილი დაკავებული ადრეც ყოფილა. სასამართლოს ჩანაწერებიდან ჩანს, რომ სტამფორდში წვრილმანი ქურდობის საფუძველზე 5 აგვისტოსაც დააკავეს.

 

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ  ისინი ამ თემაზე ინფორმაციას არ ფლობენ.

შოთა მექოშვილი
შოთა მექოშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი