ახალი ამბები

უსუფაშვილი ბაქრაძის პროკურატურაში დაბარებაზე და დეპუტატი დაკითხვამდე

29 აგვისტო, 2014 • 902
უსუფაშვილი ბაქრაძის პროკურატურაში დაბარებაზე და დეპუტატი დაკითხვამდე

მედიის წარმომადგენლებმა დავით უსუფაშვილს პროკურატურის მიერ საპარლამენტო უმცირესობის წევრ დავით ბაქრაძის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარების ფაქტის შეფასება თხოვეს.

 

“სხვა საკითხებზე ვერაფერს გეტყვით”- განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით ბაქრაძე პროკურატურამ დაკითხვაზე 29 აგვისტოს, 14.00 საათისთვის დაიბარა. გამოძიება დეპუტატის საბანკო ანგარიშების საქმეზე პროკურატურამ 2014 წლის 20 აგვისტოს დაიწყო.

 

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ  დეპუტატ დავით ბაქრაძის საბანკო ანგარიშების შესახებ გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე  დაიწყო. 

 

 

დეუპტატი უკვე გამოცხადდა დაკითხვაზე და მანამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

 

“პარლამენტის წევრს აქვს შესაბამისი იმუნიტეტი, მე გადავწყვიტე გამოვცხადდე დღეს და პასუხი გავცე ყველა კითხვას, იმიტომ, რომ მე დასამალი არც კანონთან და არც საზოგადოებასთან არაფერი არ მაქვს. რაც შეეხება კონკრეტულად საკითხს, თანხის წარმომავლობა, ვფიქრობ, საზოგადოებამ უკვე გაარკვია, რომ ეს არის კერძო ქონების გაყიდვით მიღებული სრულიად კანონიერი თანხა, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს არც პოლიტიკასთან და არც ბიუჯეტის და სახელმწიფო წყაროებთან”, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

საუბარია 276 849,89 გირვანქა სტერლინგზე (795 000 ლარი), რომელიც დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ  “HCBS” ბანკის ინგლისის ოფისის ანგარიშიდან სხვა საბანკო ანგარიშზე გადაიტანეს.

 

დავით ბაქრაძემ 20 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს თანხა მის სიმამრს ეკუთვნოდა. მისი თქმით, მისმა სიმამრმა ლერი მეტრეველმა 2002 წელს გაყიდა სახლი თბილისში და გამოთქვა სურვილი

სახლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი სამომავლოდ დაეტოვებინა და გაენაწილებინა შვილიშვილებისათვის, რათა მათ შეძლებოდათ ამ თანხით სარგებლობა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული თანხა თავდაპირველად ინახებოდა მასთან, როგორც კანონიერ მესაკუთრესთან.

 

“2009 წელს ლერი მეტრეველმა სთხოვა ჩემს მეუღლეს (მის შვილს), მაკა მეტრეველს, გაეხსნა რომელიმე საიმედო ბანკში გრძელვადიანი საპროცენტო ანგარიში, სადაც თანხა უსაფრთხოდ განთავსდებოდა ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე”, -განაცხადა ბაქრაძემ.

 

დავით ბაქრაძეს ეს თანხა ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ ჰქონდა.

 

“რაც შეეხება იმ თემას, თუ რატომ მოხვდა ან რატომ არ მოხვდა ეს თანხა ჩემს ფინანსურ დეკლარაციაში, აქაც ვფიქრობ, რომ მე ზედმიწევნით ვიცავდი კანონს, რომლის მიხედვითაც დეკლარაციაში უნდა შეიტანო თანხა, რომლის განკარგვის უფლებაც გაქვს. მე ამ თანხის განკარგვის უფლება არ მაქვს, ეს თანხა არის ჩემი მეუღლის მშობლების საკუთრება, რომლელიც, თავის დროზე, სრულწლოვანების შემდეგ გადაეცემათ მათ შვილიშვილებს, მათ შორის ჩემს შვილებსაც”, – განაცხადა ბაქრაძემ 29 აგვისტოს ჟურნალისტებთან.

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი