ახალი ამბები

ღარიბაშვილი ანაკლიის პორტზე: აშენდა? აშენდა?

5 მარტი, 2019 • 1501
ღარიბაშვილი ანაკლიის პორტზე: აშენდა? აშენდა?

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც პოლიტიკაში “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის  სტატუსით დაბრუნდა, 5 მარტს ანაკლიის პორტზე კომენტირებისას რამდენჯერმე იკითხა: აშენდა?

“რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ბუნებრივი შეკითხვა, რაც მიჩნდება – სამი წელი გავიდა, როგორც მახსოვს, 2016 წელს მოიგეს ეს ტენდერი, და მე როგორც ვიცი და მოგიწოდებთ გადაამოწმოთ [არ დაწყებულა მსენებლობა], რატომ არ დაიწყოს ამ პორტის მშენებლობა?  ხომ არ იყო პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ დაფინანსება ვერ მოიპოვეს? ან იქნებ დაფინანსებადი პროექტი არ იყო? “, – განაცხადა ღარიბაშვილმა ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში” თიბისი ბანკის და ანაკლიის პორტის თემაზე დასმული კითხვების საპასუხოდ.

“ერთი ხელის მოსმით იმის თქმა, რომ ვიღაცას პორტი აინტერესებს.. თუ ივანიშვილს, ჰიპოტეტურად რომ წარმოვიდგინოთ, აინტერესებდა, ვინ დაუშლიდა? ვინ დაუშლიდა ამ პორტის პროექტში ჩართულობას? ვერავინ”,- ამბობს ღარიბაშვილი და დასძენს:  

“მისი [ივანიშვილის] ფინანსური რესურსები ყველას აღემატება, ხომ? უფრო მეტი გარანტია რა იქნებოდა უცხოელი ინვესტორებისთვის? მაგრამ იქიდან გამომდინარე,  რომ ეს პროცესი იყო თავისუფალი, მიშვებული და გამჭვირვალე, არავინ არ ჩაერია ამ პროექტში. გავიდა სამი წელი. აშენდა პორტი? “

ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტში სახელმწიფოს კონტრიბუცია 200 მილიონი ლარია და პროექტს სახელწიფოს მხარდაჭერა არ აკლია. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ “ხელშეუხებელი არავინაა”:

“მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არავინ არ არის ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში”.

“თქვენ გაპატიებდნენ 17 მილიონის ასეთ ოპერაციებს? “, – ჰკითხა მან გრიგოლიას და განაცხადა, რომ არ სჯერა, თითქოს შს მინისტრი გიორგი გახარია დაემუქრა თიბისი ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს.

“მმართველი პარტიის პოზიციაა, რომ პროკურატურას უნდა მიეცეს საშუალება და უფლება, რომ გამოქვეყნოს ყველა ის მტკიცებულება, რაც ამ საქმეს უკავშირდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი