ახალი ამბები

ბესელიამ, გოგიჩაიშვილმა და ფოფხაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართეს

5 მარტი, 2019 • 807
ბესელიამ, გოგიჩაიშვილმა და ფოფხაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების – სერგო მეთოფიშვილისა და დიმიტრი გვრიტიშვილის – წინააღმდეგ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საჩივრით მიმართეს.

საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოსამართლეების ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებსაც ისინი აკეთებენ სოციალური ქსელებისა და სატელევიზიო გადაცემების მეშვეობით, უხეშად არღვევს სამოსამართლო ეთიკურ ნორმებს. დეპუტატები მიუთითებენ, რომ სერგო მეთოფიშვილი  და დიმიტრი გვრიტიშვილი მოსამართლისთვის შეუფერებელი, არაეთიკური და არაკორექტული განცხადებების გზით,  უგულებელყოფენ საერთაშორისო და შიდა სამართლებრივ სტანდარტებს და ზიანს აყენებენ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს და  ნდობას.

საჩივრის მიხედვით, მოსამართლეების განცხადებები არის ცალსახად პოლიტიკური შინაარსის მატარებელი, სცდება პროფესიულ შეფასებას და გამოთქმული მოსაზრებები აღიქმება, როგორც პროცესებისადმი პოლიტიკური შეფასება და ლანძღვა.

პარლამენტის წევრები ითხოვენ, კანონის თანახმად დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება ამ მოსამართლეების მიმართ მიუკერძოებელი და ობიექტური პროცედურებით და დადგეს მათი პასუხისმგელობის საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი