ახალი ამბები

159 კლინიკას პროგრამულად დაფინანსებული 13 მლნ-ის უკან დაბრუნება დაეკისრა – სამინისტრო

5 მარტი, 2019 • 754
159 კლინიკას პროგრამულად დაფინანსებული 13 მლნ-ის უკან დაბრუნება დაეკისრა – სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრომ 159 კლინიკას ბიუჯეტში 13 მლნ-ის დაბრუნება დააკისრა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხომერიკი განმარტავს, ეს თანხა კლინიკებმა ბენეფიციართა რეგისტრაციის ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის უნდა დააბრუნონ.

ხომერიკი “საქმის კურსთან” ინტერვიუში დასძენს, რომ 2018 წლის ნოემბერში პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის ანუ გეგმური ამბოლატორიული მომსახურების მომწოდებლებისთვის დაკისრებულ ჯარიმაზე მორატორიუმი შედგა. მისი თქმით, კლინიკებში კონტროლისა და რევიზიის ეტაპზე გარკვეული დარღვევები გამოვლინდა.

“სანქციების მოცულობა საკმაოდ მაღალი რიცხვია, დაახლოებით 30 მლნ ლარის ფარგლებში იყო. თუმცა შემდგომ პერიოდში საჯარიმო სანქციები და ასევე ადმინისტრაციული წესის დაცვა კლინიკებში გადაიხედა და ისინი გათავისუფლდნენ ჯარიმებისგან. მათ განესაზღვრათ მხოლოდ [სახელმწიფოს მიერ] პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება”, – ამბობს მაია ხომერიკი.

მისი თქმით, კლინიკებმა ის 13 მლნ ლარი უნდა დააბრუნონ, “რომელიც პროგრამამ გადაუხადა”. ხომერიკის განმარტებით, ეს მოხდა იმიტომ, რომ მათ ბენეფიციართა რეგისტრაციის წესი დაარღვიეს.

“2014 წლის პირველი აპრილის შემდგომ ბენეფიციართა აღრიცხვის მკაცრი ფორმა გაჩნდა, სადაც აუცილებელია, რომ ბენეფიციარმა საკუთარი ხელით დაადასტუროს პროგრამაში ჩართვა. ზოგ შემთხვევაში არ იყო ამ მკაცრი რეგისტრაციის ფორმები დაცული, ზოგში ბენეფიციართა პროგრამულად მოწოდებული საიდენფიციკაციო მონაცემები არ ემთხვეოდა და ა.შ. ეს ეხება მხოლოდ შემთხვევათა და კლინიკათა ნაწილს, სადაც რეგისტრაციის პროცესი იყო დარღვეული,” – განაცხადა მაია ხომერიკმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი