ახალი ამბები

ენმ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება

5 მარტი, 2019 • 1144
ენმ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება

ხვალ, 6 მარტს, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამ ფორმით კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი.

უეთოს უკანასკნელი დასკვნით და მანამდე გაკეთებული შეფასებებითაც, იმ არჩევნებმა, რომლის გზითაც სალომე ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი, ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის საერთშორისო იმიჯსაც და დემოკრატიულ მომავალსაც. ეს არჩევნები ჩატარდა ძალადობის, მოსყიდვის და კანონის დარღვევის გზით. შესაბამისად, იმ ფაქტის ხაზგასასმელად, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი, ხვალინდელ სხდომას არ დავასწრებით”, – განუცხადა ნეტგაზეთს სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მას და მის თანაგუნდელებს მიაჩნიათ, რომ “ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ხელდასმულ პრეზიდენტს უნდა მოუსმინოს ივანიშვილისვე უმრავლესობამ პარლამენტში”.

  • სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 მარტს წარდგება.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნულ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უმცირესობის ლიდერი და უმრავლესობის ლიდერი. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი