“ჩვენ მოვისმინეთ პატიმრების მხრიდან პრეტენზიები, აქედან გამომდინარე 10 არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა არ არის საკმარისი შეწყალების კომისიაში. ჩვენ მივმართავთ, რომ ჩვენი ორგანიზაციები იყოს ჩართული და ჩვენს გარკვეულ ხედვებს ადგილზე წარმოვუდგენთ,”– განაცხადეს 27 აგვისტოს “ფრონტნიუსის” პრესკლუბში  არასამთავრობო ორგანიზაციების, ”ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის”,  “ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის” და “მსჯავრდებულთა დახმარების ცენტრის” წარმომადგენლებმა.

 

მათი თქმით, პატიმრების პრეტენზიები თვეების განმავლობაში გროვდებოდა.

 

პრობლემა შეწყალების კომისიის მუშაობის გრაფიკის არქონას უკავშირდება. “მსჯავრდებულთა დახმარების ცენტრის” წარმომადგენელი მამუკა ტუსკაძე ამბობს, რომ შეწყალების კომისიას არ აქვს განსაზღვრული ვადები და ამიტომ პატიმრებს, მათ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს უწევთ ვარაუდი, თუ როდის იქნება შეწყალება. მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარედ ზვიად ქორიძის დანიშვნამდე შეწყალება ძირითადად დღესასწაულებს (მარიამობა, გიორგობა, ახალი წელი, აღდგომა) ემთხვეოდა, ასევე იყო რიგგარეშე შეწყალებებიც.

 

“ხვალ მარიამობის დღესასწაული თენდება და არ იგეგმება შეწყალება”,– ამბობს მამუკა ტუსკაძე. მისი განცხადებით, უკანასკნელ 6 თვეში მხოლოდ ერთხელ შეიწყალეს პატიმრები.

 

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის თქმით, პრეზიდენტმა უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში 4–ჯერ გამოსცა შეწყალების აქტი: დეკემბერში, იანვარში, აპრილსა და ივლისის ბოლოს. უკანასკნელი შეწყალების აქტით პრეზიდენტმა 280 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 169–მ საპატიმრო დატოვა, 111–ს კი – სასჯელი შეუმცირდა. შეწყალების კომისიის სხდომის დანიშვნის თარიღს პრეზიდენტი წყვეტს.

 

“არ შეიძლება კალენდარული გრაფიკით მოძრაობდეს შეწყალების პროცესი ქვეყანაში, ან რაიმე საზეიმო დღეებთან იყოს ის დაკავშირებული, გნებავთ- საეროს, გნებავთ- სასულიეროსთან. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეწყალების აქტი პრეზიდენტმა გამოსცეს პერიოდულად, გამოსცეს მეტი პასუხისმგებლობით და შეწყალების კომისია ამაში დაეხმაროს და რაც შეიძლება მეტმა მსჯავრდებულმა მიიღოს ეს სიკეთე და კეთილგანწყობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს ხოლმე მსჯავრდებულთა მიმართ შეწყალების აქტის დროს. შეწყალების აქტი – ეს არ არის რაღაც გრაფიკში ჩასასმელი ღონისძიება, ეს არის სიურპრიზი, ეს უნდა მიიღოს სიურპრიზად როგორც ყველა მსჯავრდებულმა, განსაკუთრებით მათ, ვინც იქნება შეწყალებული, ასევე საზოგადოებამ გარეთ, “– ამბობს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ შეწყალების კომისიას მსჯავრდებულებთან მჭიდრო კონტაქტი არ აქვს.

 

“პატიმრებთან უფრო ახლო კომუნიკაცია უნდა იყოს და არა ისე, რომ რაღაც ფორმალურად ახდენდნენ შეწყალების პროცედურებს, რაც წინა  რეჟიმის პირობებში ხდებოდა. სანამ პატიმრის ოჯახის წევრი გაიგებს, მიგვაჩნია, რომ შეწყალების კომისია ოპერატიულად უნდა ახდენდეს რეაგირებას, როცა რაიმე პრეტენზია აქვს პატიმარს შეწყალების კომისიის მიმართ,” – თქვა გრიგოლ გაგნიძემ, “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსევატორიის” წარმომადგენელმა.

 

ზვიად ქორიძე განმარტავს, რომ შეწყალების კომისიის წევრებსა და პრეზიდენტს, რომელიც შეწყალების აქტს გამოსცემს, არც უნდა ქონდეს მჭიდრო კონტაქტი მსჯავრდებულებთან, რათა ნეპოტიზმის, შერჩევითობისა და კორუფციის რისკები აიცილონ თავიდან.

 

“შეწყალების კომისიის წევრები სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სტატუსით შედიან საპატიმრო დაწესებულებაში, ისინი იცნობენ საპატიმრო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს პირადი კონტაქტები მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან, მათგან იღებენ ინფორმაციებს, მერე ეს ინფორმაციები მუშავდება და მოდის შეწყალების კომისიაში,”– ამბობს ქვიად ქორიძე.

 

მამუკა ტუსკაძე მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისიის წევრობა არასამთავრობო ორგანიზაცებისთვის “საიმიჯო” სამსახურად ითვლება.

 

“ეს არ არის საიმიჯო სამსახური, პირიქით, ყოველდღიურ მუშაობაში უნდა იყოს. იმიჯი იმით უნდა შექმნა, რომ კარგ საქმეს გააკეთებ და მართლა ღირსეულ გადაწყვეტილებებს მიაღებინებს იმ კომისიას მათი რეკომენდაციებით. თუმცა დღეს სხვანაირად მუშაობს ის არასამთავრობოები, რომლებიც იქ არიან ჩართული” – თქვა მან.

ზვიად ქორიძისთვის გაუგებარია, თუ რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრობს ტუსკაძე.

 

“არასამთავრობო ორგანიზაციებს არანაირი კვოტა არ აქვთ. შეწყალების კომისიას ადგენს პრეზიდენტი. მან დაასახელა 11 ადამიანი, რომელთაგან დღეს სახეზეა 10, იმიტომ, რომ  მეთერთმეტე (ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი) გავიდა.

 

ადამიანები რეკომენდაციებს და კეთილ რჩევებს იღებენ ყველასგან. ჩვენც მივიღებთ კეთილ რჩევებს და, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ამას პროცესში, მაგრამ არ შეიძლება, რომ ვინც არ უნდა არასამთავრობო ორგანიზაცია იყოს, მას გაუჩნდეს სურვილი, რომ უხეშად ჩაერიოს და ხელი შეუშალოს პროცესს, რომელიც არის ექსკლუზიური უფლება საქართველოს პრეზიდენტის,”– თქვა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები წერილობითი რეკომენდაციით პრეზიდენტის ადმინისტრაციას უახლოეს დღეებში მიმართავენ.

მარცხნიდან: მსჯავრდებულთა დახმარების ცენტრი– მამუკა ტუსკაძე, ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის - ალექსანდრე ახალკაცი, ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია - გრიგოლ გაგნიძე, ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი, 27/08/2014

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *