ახალი ამბები

კაკულია: “ოცნების” ჩატში 6 თვეა აღარ ვარ, მე ჩემი შეხედულებებით ვხელმძღვანელობ

4 მარტი, 2019 •
კაკულია: “ოცნების” ჩატში 6 თვეა აღარ ვარ, მე ჩემი შეხედულებებით ვხელმძღვანელობ

“ქართული ოცნების” დეპუტატი რომან კაკულია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პარტიის შიდა ჩატში ბოლო 6 თვეა აღარ არის და საკუთარი შეხედულებებით ხელმძღვანელობს.

კაკულიას თქმით, ახლა ქართული ოცნების იმიჯი დაზიანებულია და იმისათვის, რომ საზოგადოების დამოკიდებულება პარტიის მიმართ გაუმჯობესდეს, აუცილებელია, პარტია 2020 წლის არჩევნებზე განახლებული სახით წარსდგეს:

“ჩვენ წინაშე ახლა დგას ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ “ქართულ ოცნებაში” მოხდეს რეალური გარდაქმნა. ეს ერთადერთი შანსია, რომ ჩვენ 2020 წელს წარვდგეთ თავიდან არჩევნებში. ამ შვიდწლიანი მმართველობის პერიოდში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიზეზების გამო იყო მოსამართლეების თემა და სხვადასხვა თემები, რომლებმაც გარკვეული ცვლილება განიცადა.

ჩემი მთავარი მიზანი მხარდაჭერისა შიგნით გუნდში მიმდინარე პროცესებისა არის ის, რომ მაქსიმალურად აღდგეს ეს დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან ქართული ოცნების მიმართ. მე რესურსს ვხედავ ჯერჯერობით, ამიტომ ვაგრძელებ იმ პოზიციების დაფიქსირებას, რომელიც, ჩემი აზრით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ოცნებისთვის, იმისათვის, რომ მან სახე შიენარჩუნოს და ამომრჩევლის წინაშე 2020 წელს ნამდვილად განახლებული წარდგეს. სამწუხაროდ, დღეს ეს იმიჯი დაზიანებულია,” – ამბობს დეპუტატი “რუსთავი 2”-თან.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, იღებს თუ არა დეპუტატი ინსტრუქციებს პარტიის შიდა ჩატიდან, კაკულია პასუხობს, რომ აღნიშნულ ჯგუფში 6 თვეა აღარ იმყოფება და საკუთარი შეხედულებებით ხელმძღვანელობს:

“მე ამ ჩატში საერთოდ არ ვარ ბოლო 6 თვეა და ამიტომ ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით. მე ჩემი შეხედულებებით ვხელმძღვანელობ,” – ამბობს დეპუტატი.

რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, TV პირველის ეთერში იმ დახურულ ჩატზე ისაუბრა, სადაც უმრავლესობის წევრები იყვნენ გაერთიანებულნი. კვაჭანტირაძის თქმით, ჩატში მოდიოდა მოკლეტექსტური შეტყობინებები, რომელთა ავტორი მისთვის დღემდე უცნობია.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

უსუფაშვილი არასდროს იკადრებდა კოლეგების შეურაცხყოფას – კვაჭანტირაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი