დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი თამაზ ახობაძე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან გამართული შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა და ის შიმშილობის დაწყებას აპირებს.
“გამოვედი სამსაათიანი შეხვედრიდან. თუმცა სიახლე არ მაქვს. იუსტიციის სამინისტროს პოზიცია უცვლელია – თანახმა არიან, მომცენ აღდგენის თარიღით კომპენსაცია, თუ უარს ვიტყვი აღდგენაზე. ვარ იუსტიციის სამინისტროს წინ. ვიწყებ შიმშილობას,”-წერს ახობაძე.
მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრამდე ახობაძე აცხადებდა, რომ ის მოითხოვს განაცდურის ანაზღაურებასა და თანამდებობაზე აღდგენას.
თამაზ ახობაძე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 4 წლის წინ ანა სუბელიანთან ერთად გაათავისუფლეს, ელოდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
თამაზ ახობაძის თქმით, განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა სასამართლოს სამივე ინსტანციაში ორჯერ მოიგო.
“მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ეს საქმე არის თაროზე შემოდებული. სსიპ-ი არც აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას და არც ოფიციალურად, წერილობით უარს ამბობს აღსრულებაზე, რომ მე კიდევ სადმე განვაგრძო დავა.
არგუმენტად მოაქვთ, რომ არაერთხელ შემომთავაზეს მორიგება, რაც სიმართლეა. თუმცა, მორიგების დროს, მაშინ როცა მე ვარ გამარჯვებული, მთავაზოვბენ მხოლოდ მათთვის მისაღებ პირობას – ავიღო განაცდურის თანხა და უარი ვთქვა აღდგენაზე. მორიგებაზე წასვლა ამ შემთხვევაში, მაშინ როცა ორჯერ მაქვს მოგებული აღდგენაც და განაცდურიც, არის ჩემი კეთილი ნება და არა ვალდებულება. მე მაქვს მორიგებისთვის ჩემი შეთავაზებები, თუ ვერ აღმადგენენ იმ კონკრეტულ პოზიციაზე:
- მომცენ განაცდური და აღმადგინონ სხვა პოზიციაზე;
- ან მომცენ განაცდური და გადამიხადონ ვერ აღდგენის კომპენსაცია;
- ან მომცენ განაცდური და მომიხადონ ბოდიში ჩემი უფლებების დარღვევის გამო.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩემი სამსახურიდან გაშვება უკანონო რომ იყო, ამას ვეღარ აპროტესტებს იუსტიციის სამინისტრო. ეს ფაქტი არის უდავო”, – აცხადებს თამაზ ახობაძე. მან განცხადება თავისი მოთხოვნის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზე დღეს, 25 თებერვალს გამოაქვეყნა.
“სამწუხაროდ, ეს საქმე არ არის იმდენად აქტუალური და, როგორც ჩანს, არც იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გამოიწვიოს. არადა, საქმე ეხება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არ-აღსრულებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს არაფერი, ნული” , – აცხადებს თამაზ ახობაძე.
ის პარლამენტარებს მიმართავს, იუსტიციის სამინისტროსგან მოითხოვონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე, მეტ ყურადღებას ითხოვს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ისე ოპოზიციისგან და მედიისგან.
რაც შეეხება სახალხო დამცველს, ახობაძე მას მოუწოდებს, სრულად შეისწავლოს ეს საკითხი და დაიცვას მისი უფლებები.